რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ზიდანი: "ხვალ "რეალის" და "პსჟ"-ს მატჩი გველოდება და არა რონალდუს და ნეიმარის"

ზიდანი: "ხვალ "რეალის" და "პსჟ"-ს მატჩი გველოდება და არა რონალდუს და ნეიმარის"

14-02-2018, 01:14
ავტორი: ZZ
ნახვა: 458
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ზიდანი: "ხვალ "რეალის" და "პსჟ"-ს მატჩი გველოდება და არა რონალდუს და ნეიმარის"
ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პსჟ"-სთან გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

მატჩი

"მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. მართალია, დაპირისპირება 180 წუთს გრძელდება, ზოგჯერ მეტი დროც სჭირდება, მაგრამ ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი ხვალინდელ მატჩზე კონცენტრირებაა და სხვა არაფერი".

"ჩემთვის ეს ფინალი არ არის. ეს ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩია. მხოლოდ ის მოგვეთხოვება, რომ კარგი თამაში ჩავატაროთ. თუ ჩვენი გუნდი კარგად თამაშობს, ბევრი შანსი აქვს".


ზიდანმა უნდა დაამტკიცოს, რომ კარგი მწვრთნელია

"არ შევეცდებით შევცვალოთ ის, რასაც ხალხი ჩვენზე ფიქრობს. ბევრს ვმუშაობ და იმ საქმით ვარ დაკავებული, რაც მიყვარს. ფეხბურთი ჩემი სისუსტეა. ვცდილობ ჩემს გუნდს ბევრი რამ მივცე. დანარჩენს ვერ გავაკონტროლებ. დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. მხოლოდ კარგი მატჩის ჩატარება მსურს, ხოლო ვინ და რას ამბობს ჩემზე და ჩემს გუნდზე, არ მაინტერესებს".

"მე მარსელიდან ვარ. ამიტომ, პარიზულ გუნდთან თამაშს შემიძლია ისტორიული ვუწოდო. თუმცა, ახლა "პსჟ"-ს წინააღმდეგ "რეალი" ითამაშებს. ეს ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი იქნება, რომელიც ბევრ სირთულეს შეგვიქმნის".


BBC-ს ტრიო ხელშეუხებელია?

"ჩემთვის გუნდია მნიშვნელოვანი. ჩემი სურვილია შემადგენლობა დღეს, ხვალ და ყოველთვის დამუხტული იყოს. ყველა კონცენტრირებული უნდა იყოს. ვნახოთ, როგორ დავიწყებთ მატჩს. ნაკლებად მნიშვნელოვანია, როგორ ვითამაშებთ და რა სათამაშო სურათი გვექნება. მთავარია, იმის გაკეთება მოვახერხოთ, რაც გვსურს".

მატჩისთვის მზადება

"ძალიან მიხარია, რომ ამ დონის მატჩებში ვიღებ მონაწილეობას. ამ ეტაპზე არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ. რა თქმა უნდა, დაძაბულობა ყოველთვისაა, მაგრამ ამას მივეჩვიეთ. მატჩისგან სიამოვნებას მივიღებ. ამას ყოველთვის ვამბობდი".

გუტის "რეალის" გაწვრთნის სურვილი აქვს

"ვფიქრობ, მას "რეალის" გაწვრთნა შეუძლია და ამისათვის ემზადება კიდეც. ასეთი რამ სრულიად შესაძლებელია და ეს მასაც ვუთხარი. ამას ნეგატიურად არ ვუყურებ, მაგრამ შემეძლო ასე მოვქცეულიყავი, რადგან ამ გუნდს ჯერ კიდევ მე ვწვრთნი. "რეალი" გუტის სახლია და ამ გუნდის გაწვრთნა მისი ოცნებაა".

მომავალი

"საკუთარ მომავალზე არ ვფიქრობ. მხოლოდ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. მხოლოდ იმის გაკონტროლება შემიძლია, თუ რას გავაკეთებთ ხვალ მოედანზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემთვის თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია, ხოლო ამ ეტაპზე ჩემი მომავალი ნაკლებად მაინტერესებს".

ნეიმარი და კრიშტიანუ

"ორივე დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ხვალ "რეალის" და "პსჟ"-ს მატჩი გველოდება და არა რონალდუს და ნეიმარის. კრიშტიანუს მიღწევები ფენომენალურია. მას ხუთი "ოქროს ბურთი" აქვს... ახლა მათი შედარება არ მსურს. რაც შეეხება ნეიმარს, ყველამ კარგად ვიცით, რა შეუძლია მას მოედანზე. ის ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ყველას გუნდების ბრძოლის ხილვა გვსურს და არა რონალდუ-ნეიმარის დუელის".

ბეილს თავიდან ბოლომდე თამაშის საშუალება არ ეძლევა

"ცვლილებები უნდა განვახორციელო და ყველაზე ხშირად შემტევ ფეხბურთელებს ვცვლი. ეს არის და ეს".

ხვალინდელი მატჩის სქემა

"ამის შესახებ არაფერს ვიტყვი... მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თამაში სქემებზე დამოკიდებული არ არის. გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, თუ რას გააკეთებენ ფეხბურთელები მოედანზე, თავს როგორ დავიცავთ და როგორ შევუტევთ".

ვინ გაუწევს ნეიმარს მეურვეობას?

"ვფიქრობ, ვალდებული არ ვარ ამ კითხვას ვუპასუხო. ამას პირადად გადავწყვეტთ. ხვალ ყველაფერს ნახავთ".

მატჩის ფავორიტი

"როგორც ყოველთვის, შანსები თანაბარია. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ადამიანებს შეუძლიათ ის ილაპარაკონ, რაც სურთ, მაგრამ მე ჩემს აზრზე დავრჩები. შანსები თანაბარია".

გულშემატკივრები

"ჩვენი სურვილია გულშემატკივრებმა გაგვამხნევონ, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. როცა საქმეები არცთუ ისე კარგად მიდის, მაშინ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, მაგრამ ხვალ ახალი გამოწვევა გველოდება და მზად ვართ ბოლომდე დავიხარჯოთ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.