MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ნუსი: "ეჭვი მეპარება ბენიტესმა ვინმეს შემადგენლობის შერჩევის უფლება მისცეს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 6-07-2015, 20:00
ნუსი: "ეჭვი მეპარება ბენიტესმა ვინმეს შემადგენლობის შერჩევის უფლება მისცეს"

ამ დროისათვის ხერარდ ნუსი განის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. თუმცა, მან თავისი პირველი ნაბიჯები რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობით გადადგა. 2008/09 წლების სეზონში "ლივერპულის" ტექნიკურ შტაბში მუშაობდა, სადაც ესპანელის ნდობა ჰქონდა. «Mundo Deportivo»–სთან ინტერვიუში მან მადრიდის "რეალის" ახალ მთავარ მწვრთნელზე, მისი მუშაობის მეთოდებსა და "სამეფო კლუბის" თამაშის გაუმჯობესების გეგმებზე ისაუბრა...

როგორ დაახასიათებდით ბენიტესს?
ეს ის ადამიანია, რომელიც სხვებს თავის ფასეულობებს გადასცემს: სიმკაცრეს, სერიოზულობასა და ცოდნას. ის მოთმინებას იშვიათად კარგავს და რაიმე მიუღებელს არასდროს ამბობს. რაფა გაწონასწორებული და კონცენტრირებულია. გადაწყვეტილებას საერთო შეფასებისა და ანალიზის შემდეგ იღებს.

როგორია მასთან ერთად მუშაობა?
ის სამწვრთნელო შტაბს მუდამ ესაუბრება, სურს ბოლოდროინდელი სიახლეები იცოდეს. ბენიტესი ძალიან შრომისმოყვარეა და გუნდისთვის არაფერს იშურებს.

ის ფეხბურთელებთან მიმართებაში ასეთივე მომთხოვნი და მეთოდურია? რისი მიცემა შეუძლია მას "რეალისთვის", რომელსაც ბევრი ძლიერი პიროვნება ჰყავს?
ეჭვგარეშეა. ის "რეალის" ფეხბურთელებისგან უდიდესი სამუშაოს შესრულებას მოითხოვს, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელისგან და მათ გააგებინებს, რომ ეს დასახული მიზნებისთვის ბრძოლაში ყველაზე მთავარი რამ არის. რაფა ყოველ დეტალს გააკონტროლებს და მომთხოვნი იქნება. ბენიტესი პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და კონცენტრაციის მაქსიმუმს მოითხოვს. მას სრული სტატისტიკის, ასევე, სპორტული და არასპორტული მოვლენების ცოდნის სურვილი ექნება.

და როგორი რეაქცია ექნებოდა კრიშტიანუსა და კევინ როლდანის სიტუაციასთან დაკავშირებით?
სავარაუდოდ, ფეხბურთელებს გაესაუბრებოდა, მათგან პროფესიონალიზმსა და გონიერებას მოითხოვდა. ეს ყველაფერი სერიოზულად რომ მიეღო, დამნაშავეს ფულადი ჯარიმით დასჯიდა, როგორც ამას სხვა კლუბებში აკეთებდა. რაფა ძალიან მომთხოვნია და სურს ფეხბურთელები სეზონის დაწყებიდანვე მის მითითებებს ასრულებდნენ.

ბენიტესი იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც თავის კლუბსა და სატრანსფერო პოლიტიკას ძლიერ აკონტროლებს. ეს ყველაფერი ფლორენტინო პერესთან კონფლიქტს გამოიწვევს?
ვიმედოვნებ, თითოეული მათგანი თავის სამუშაოს შეასრულებს, მაგრამ ხშირად შეხვდებიან, რათა ერთმანეთს თავიანთი მოთხოვნები გაუზიარონ. რაფა იმ კლუბში გადაბარგდა, სადაც ისეთივე ძალაუფლება არ ექნება, როგორიც "ნაპოლიში" ჰქონდა სატრანსფერო საკითხებსა თუ გასახდელის მართვასთან. თუმცა, მან "ინტერსა" და "ჩელსიში" ბევრად დიდი სირთულეები გადალახა. ამიტომ, ის ამასაც გაუმკლავდება. ესპანელი ძალიან გამოცდილია.

ის დაეთანხმება იმას, რომ შემადგენლობას სხვა არჩევდეს?
არა, ეჭვი მეპარება დათანხმდეს. მას უდიდესი გამოცდილება აქვს. რაფამ გრანდებთან ერთად გამარჯვებებს მიაღწია. მას ვერავინ ვერაფერს აიძულებს. ის იმ შემადგენლობას გამოიყენებს, რომელიც კონკრეტული მატჩისთვის ყველაზე უკეთ მომზადებული იქნება.

ინგლისში ფერგიუსონის საჯაროდ გაკრიტიკება მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო?
ფერგიუსონს დიდი გავლენა აქვს. მახსოვს, რაფა ოთახში შემოვიდა, სადაც მთელი სამწვრთნელო შტაბი იმყოფებოდა და თქვა: "ვერ წარმოიდგენთ, ახლა რა ვთქვი". იმ დღეს მან თავის ჩვეულ ტონზე უარი თქვა და რამდენიმე სიტუაცია წარმოადგინა, სადაც ფერგიუსონსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" საშინელი გზით ანიჭებდნენ უპირატესობას. ჟურნალისტთა უმეტესობამ მხარი შოტლანდიელს დაუჭირა. რაფას არავინ დაეხმარა.

"ჩელსისა" და "ინტერში" მუშაობაში მას მოურინიოს ჩრდილი უშლიდა ხელს?
ამის შესახებ ბევრი ითქვა. მოურინიო კონტაქტებს ინარჩუნებს და დარწმუნებული ვარ, მათ ისე იყენებს, როგორც სურს. ეს ყველაფერი ჭორია, თითქოს ბენიტესს მუშაობა უჭირდა და ამაში მოურინიოს ჩრდილი უშლიდა ხელს. არ ვიცი, ეს რამდენად მოახდენდა გავლენას რაფაზე, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ამ ორ მწვრთნელს ერთმანეთი დიდად არ მოსწონთ. დიდი ალბათობით, მათ საერთო ვახშამზეც ვერ ვნახავთ.

"ნაპოლიში" განცდილი ფიასკოს შემდეგ, "რეალი" როგორმა ბენიტესმა ჩაიბარა?
ვიცი, რომ ფლორენტინო პერესი რაფას ვარიანტს ადრეც განიხილავდა. ვფიქრობ, ამ სეზონში ეს ყველაზე საინტერესო ვარიანტი იყო. ჩემი აზრით, ბენიტესი ამ კონტრაქტში გამოწვევასა და უდიდეს იმედებს ხედავს. ის ბედნიერებასა და სიხარულს მოიტანს. ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გუნდმა თავისი სტილით, მეთოდებითა და საჭირო ფეხბურთელებით მიზანს მიაღწიოს.

გარდა სხვა ყველაფრისა, თქვენ განის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხართ, ტაქტიკური ანალიზის ინსტრუმენტები უკვე გამოსცადეთ, რომლებიც სერიოზული გუნდების მწვრთნელებს ეხმარებიან. დღეს ამას ხუან კარლოს ინსუე (ლუის ენრიკეს ასისტენტი) იყენებს. ასევე, რამდენიმე გუნდი: "ესპანიოლი", "ტოტენჰემი", "ბაზელი" და განის ნაკრები. როგორ გააანალიზებდით ბენიტესის "რეალის" ტაქტიკას?
მიმაჩნია, რომ ის 4–2–3–1 ტაქტიკას გამოიყენებს, სადაც ორი საყრდენი იქნება. არამგონია რაფამ დაცვითი სტილი აირჩიოს და გუნდის თამაში კონტრშეტევებზე ააგოს. თუმცა, ყველაფერი ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც შემადგენლობაში იქნებიან. სათამაშო სქემა ნათელი იქნება. ბენიტესის სურვილი იქნება ყველა ფეხბურთელმა გაიგოს ის მექანიზმი, რაც გუნდის თამაშს დაარეგულირებს. ეს მექანიზმი კი კონკრეტულ მეტოქეზე იქნება მორგებული.

რომელი ფეხბურთელი მოეწონებოდა ბენიტესს იმათგან, რომელთა გვარებიც ბოლო დღეებში გაჟღერდა?
ფეხბურთელი, რომელიც შეტევასა და დაცვაში მის სტილს მოერგებოდა, შრომისმოყვარე, გუნდური და ხარისხიანი იქნებოდა.

გასულ სეზონში BBC-ს ტრიო დაცვას არ ეხმარებოდა. რა იქნება მათ შემთხვევაში?
რაფასთან ეს არ გამოვა. ტაქტიკური თვალსაზრისით ბენიტესს გუნდურობა სურს. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით იშვიათად ნახავთ ისეთ ფეხბურთელს, რომელიც მატჩის ტაქტიკიდან ამოვარდნილია. ვფიქრობ, ის BBC-სგან მეტ მუშაობას მოითხოვს. კრიშტიანუ, ბენზემა და ბეილი თავიანთ თავზე სამუშაოს ნაწილს აიღებენ, როგორც სხვა დანარჩენები. "ლივერპულში" მისი მუშაობისას გინახავთ, რომ ტორესი არ დარბოდა ან კიუიტი დაცვით ფუნქციებს არ ითავსებდა? რაფა მოითხოვს, რომ გუნდი ერთ მუშტად შეკრული იყოს, ერთად მოქმედებდეს, რათა ყველა უბურთოდ მუშაობდეს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს BBC–ს ტრიო იქნება თუ სხვა რომელიმე ფეხბურთელი.

ბენიტესთან ერთად მუშაობა რაიმე განსაკუთრებულს გახსენებთ?
მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (4:0) მოპოვებული გამარჯვება. ზოგიერთმა ფეხბურთელმა მადრიდული ჟურნალის გარეკანი იხილა, სადაც "ენფილდს" იგნორირებას უკეთებდნენ. ინგლისურ გუნდს ეს ძალიან არ ესიამოვნა. ბენიტესმა ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაციისთვის ამ ჟურნალის გასახდელში შეტანის ნება დართო. ფსიქოლოგიური ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მატჩი დიდი უპირატესობით მოვიგეთ.

პირადად როგორი ადამიანია რაფა?
ის დროის 90%–ს ფეხბურთზე საუბარს ახმარს. რაფა თავის კლუბზე ან სხვა გუნდებში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

მადრიდელი კომანდანტე

მადრიდის "რეალის" ახალი მწვრთნელის მუშაობის მთავარი პრინციპები......

კარაგერი თვლის, რომ ბენიტესი "რეალს" ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს

"ლივერპულის" ლეგენდა ჯეიმი კარაგერი აცხადებს, რომ რაფაელ ბენიტესს მადრიდის "რეალთან" ერთად წარმატებების მიღწევა შეუძლია......

ედეგორს ბენიტესის ნდობის მოპოვება სურს

ახალი სეზონის წინ, მარტინ ედეგორი ძალიან მონდომებულია. 16 წლის ნორვეგიელი მოსამზადებელ ეტაპზე გუნდთან ერთად იქნება და ეცდება რაფაელ ბენიტესი თავის შესაძლებლობებში დაარწმუნოს......

ბენიტესი: "ვიცი, რამდენად რთულია კანტერანოსთვის პირველ გუნდში მოხვედრა"

რაფაელ ბენიტესის პირველი პრესკონფერენცია მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში......

"სანტიაგო ბერნაბეუზე" რაფა ბენიტესის პრეზენტაცია შედგა

დღეს, "სანტიაგო ბერნაბეუს" საპატიო ლოჟაში რაფაელ ბენიტესი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში წარადგინეს. მწვრთნელის სიტყვით გამოსვლამდე, შეკრებილ საზოგადოებას ფლორენტინო პერესმა მიმართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.