"რეალი" - "იუნაიტედი" 2003 წელს: გაცეცხლებული ფერგიუსონი და გენიოსი რაული

"რეალი" - "იუნაიტედი" 2003 წელს: გაცეცხლებული ფერგიუსონი და გენიოსი რაული

რაულს მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევდნენ, ვისენტე დელ ბოსკემ კი მეტოქეს მოედნის ცენტრი მოუგო...

როცა მადრიდის "რეალის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდ მატჩებს იხსენებენ, 2003 წელს "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბრწყინვალე მატჩი გვახსენდება. თუმცა, პლეი-ოფი ორი მატჩისგან შედგება და მანამდე ამ ყველაფერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებული მატჩი უძღოდა წინ. დღეს სწორედ ამ თამაშზე ვისაუბრებთ.

აქ დელ ბოსკეს "რეალის" ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს განვიხილავთ. "გალაქტიკოსის" თითოეული წევრისგან უდიდეს სიამოვნებას მიიღებდით: ზიდანის პლასტიკა, ფიგუს შედევრით და რაულის "მკვლელის" ინსტიქტით. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში რონალდო, ფიგუ და ზიდანი იყვნენ, რაულს საუკეთესოს უწოდებდნენ. ფერგიუსონიც და ზიდანიც იგივეს ამბობდნენ: "რაული მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია". ფიგუც იგივე აზრზე იყო: "ბევრ კარგ ფეხბურთელთან ერთად მითამაშია, მაგრამ რაული უცხოპლანეტელია. ასეთი კარგი ფეხბურთელი არასდროს მინახავს". იმ მომენტისთვის გონსალეს ბლანკო ესპანეთის ნაკრების ისტორიაში და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ამ მატჩს ინტრიგას ისიც მატებდა, რომ დევიდ ბექჰემს "რეალს" უკავშირებდნენ. მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრის დასრულებისთანავე, "რეალის" სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ ინგლისელი ნახევარმცველისადმი ინტერესი დაადასტურა. ფერგიუსონმა ამას "რეალის" ტრადიციული "თამაში" უწოდა: "მაინტერესებს, თუ რა მოტივები აქვს "რეალს" ბექჰემთან დაკავშირებით. რატომ გაჩნდა ინტერესი კენჭისყრის შემდეგ. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვი, რომ მადრიდელთა მხრიდან ეს ყველაფერი არაკეთილსინდისიერია. მსგავს რამეს ადრეც წავაწყდით, სამი წლის წინ, ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს და მაშინ მათი ინტერესი ბექჰემი იყო, შემდეგ რაიან გიგზი და ა.შ. მგონია, რომ ეს "რეალის" თამაშის ნაწილია".

"რეალი" - "იუნაიტედი" 2003 წელს: გაცეცხლებული ფერგიუსონი და გენიოსი რაული


სერ ალექს ფერგიუსონის "რეალისადმი" ბრაზი შემდეგშიც გრძელდებოდა: "რეალს" კენჭისყრისას გაუმართლა. ასეც იქნებოდა. მათ მეტოქე თავისით შეარჩიეს. ესპანური გუნდები იტალიელების მსგავსად ერთმანეთის პირისპირ არ თამაშობენ. როგორ ფიქრობთ, რატომ? UEFA-ს ჩვენი ფინალში ხილვა არ სურს. ეს ნამდვილად ასეა". მოგვიანებით UEFA-მ ფერგიუსონი ამ სიტყვებისთვის 4 500 ფუნტით დააჯარიმა.

გარდა ამისა, სერ ალექსი "რეალს" იმაში ადანაშაულებდა, რომ მისი ფეხბურთელები მსაჯზე ზეწოლას ანხორციელებდნენ და რობერტო კარლოსის დისკვალიფიკაციას ითხოვდა იმისათვის, რომ მან ბრაზილია-პორტუგალიის მატჩის დროს მსაჯს ხელი ჰკრა: "ვფიქრობ, თუ FIFA და UEFA სათანადოდ იმუშავებენ, რობერტო კარლოსი დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს. შეხედეთ პორტუგალიის ნაკრების ორ ფეხბურთელს ჟოაუ პინტუს და აბელ შავიერს. პინტუმ ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო იმისათვის, რომ მსაჯს მუცელში ჩაარტყა, ხოლო შავიერს ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს გვერდით მსაჯზე გამიზნულად შეტევისთვის. ისინი მაშინვე დასაჯეს".

"FIFA და UEFA გადაწყვეტილებას იქამდე არ მიიღებენ, სანამ არ გაიგებენ, რას იტყვის ფლორენტინო პერესი. ამაშია "რეალის" სიძლიერე. ამიტომ, ვლოცულობთ, რომ სამშაბათ საღამოს და საპასუხო მატჩში კარგი მსაჯი დანიშნონ. დარწმუნებული ვარ, რობერტო კარლოსი სამშაბათს ითამაშებს. ის რომ სხვა გუნდის ფეხბურთელი იყოს, უკვე დისკვალიფიცირებული იქნებოდა".

მოგვიანებით კარლოსმა დისკვალიფიკაცია მიიღო, მაგრამ მხოლოდ ნაკრების მატჩებში.

"რეალმა" მოედნის ცენტრში ბრძოლა მოიგო



დელ ბოსკემ 4-2-3-1 სქემით თამაში გადაწყვიტა. საყრდენ ზონაში კლოდ მაკელელე და ფლავიო კონსეისაო იდგნენ. ალექს ფერგიუსონმა 4-3-3 სქემით უპასუხა და თავადაც ძლიერი ცენტრი გამოიყვანა: კინი-სქოულზი-ბატი. რა თქმა უნდა, ორივე მწვრთნელის მიზანი იყო მოედნის ცენტრი დაეპყროთ და საყრდენ ზონაში თავისუფლება არ ყოფილიყო. ეს ომი "რეალმა" სწრაფად და ულაპარაკოდ მოიგო. მაკელელემ და კონსეისაომ მოედნის ცენტრი ჩააბეტონეს, ხოლო ფიგუსა და ზიდანის ცენტრში შეწევით სალგადოს და კარლოსს შეტევაში ჩასართავად ფლანგები უთავისუფლდებოდათ, რაც მანჩესტერელთა შემადგენლობაში არეულობას იწვევდა.

"რეალის" შემტევი ოთხეული ბურთით თამაშში ძალიან მოქნილი იყო. ფიგუ და ზიდანი ფლანგებს ცვლიდნენ, იმ პოზიციების დაკავება რაულსაც და რონალდოსაც შეეძლოთ. ბრაზილიელს შეეძლო სიღრმისეულად შეწეულიყო, ხოლო ესპანელი მცველების ზურგსუკან მოქმედებდა. უბურთოდ თამაშისას ტაქტიკური სქემა უფრო მკაცრი იყო. უფრო მეტიც, ფიგუ და ზიდანი ფლანგის მცველების შეტევაში ყოფნის დროს დაცვას ეხმარებოდნენ.

საწყის 10 წუთში "იუნაიტედი" მოწოდების სიმაღლეზე იყო: ფლანგური კონტრშეტევები, სტანდარტები და ბექჰემის ჩაწოდებები, ნევილის აუტები, სქოულზის შორეული დარტყმები. მანჩესტერელებმა კარგი შეტევა განახორციელეს: თავიდან სქოულზი ართმევაზე პირველი იყო და საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა (კასილასმა მოიგერია), ხოლო შემდეგ ნევილის აუტის შემდეგ ნისტელროიმ სახიფათოდ დაარტყა. "რეალი" საყრდენ ზონაში თავისუფალ სივრცეებს შესანიშნავად ითვისებდა, მაგრამ საქმე ფინიშამდე ვერ მიჰყავდა. შემდეგ კი ფიგუმ ეს გააკეთა.



ამ მომენტიდან ტაიმის ბოლომდე "რეალის" დომინირება დაიწყო. ერთხელაც კონსეისაოს შეცდომას "იუნაიტედის" სახიფათო კონტრშეტევა მოჰყვა. მთლიანობაში, მატჩი მადრიდელთა კარნახით მიმდინარეობდა. ანგარიში 2:0 იყო. ტაიმის შუა ნაწილში მთავარმა არბიტრმა ანდერს ფრისკმა ბრაუნის რონალდოზე წესების დარღვევა და საჯარიმოს გარეთ ბარტეზის ხელით თამაში დააიგნორა.

"რეალი" მოედნის ცენტრში თამაშის არცთუ ისე კარგ მომენტებშიც დომინირებდა. ტაიმის შუაში სქოულზმა ფიგუს ზიდანის მისამართით გაკეთებული პასი ჩაჭრა, მაგრამ ბატს პირველივე შეხებით პასი ვერ გაუკეთა. კარლოსმა მას ბურთი წაართვა, ზიდანმა კი რაულთან ერთად დანარჩენი შეასრულა და მეორე გოლის ორგანიზება მოახდინა.

ფერგიუსონმა შესვენებაზე თამაშში კორექტირება შეიტანა: "იუნაიტედი" 4-4-2 სქემაზე გადაეწყო, გიგზი ვან ნისტელროის შეუწყვილდა, მისი პოზიცია კი პოლ სქოულზმა დაიკავა. შედეგად, თამაში უფრო გახსნილი გამოვიდა, უფრო მეტი თავისუფალი ზონა გამოჩნდა. ფერგიუსონი ძალიან რისკავდა. "რეალის" ფეხბურთელთა ოსტატობას შეეძლო წყვილის ბედი პირველივე მატჩში გადაეწყვიტა, მაგრამ ინგლისელებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. საბოლოოდ, "იუნაიტედისთვის" ყველაფერი წარმატებით დასრულდა. რაულის კიდევ ერთ გოლს ვან ნისტელროიმ უპასუხა. ორივე გუნდს მეტის გატანა შეეძლო. რა თქმა უნდა, 3:1 2:0-ზე უკეთესი ანგარიშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, "რეალის" სერიოზული დომინაცია შესამჩნევი იყო. გარდა ამისა, გარი ნევილის და პოლ სქოულზის ყვითელი ბარათები იმას ნიშნავდა, რომ ისინი "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ საპასუხო მატჩს გამოტოვებდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ The Guardian-ს გაუჩნდა კითხვა: ჰგავდა თუ არა ეს მატჩი "ემიუსთვის" ადრეულ უსიამოვნო 90-იან წლებში დაბრუნებას თუ უბრალოდ ისინი დიდებულ კლუბს დაუპირისპირდნენ.

თუმცა, ინგლისელებს ქამბექის იმედი კვლავ ჰქონდათ: "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვების შემდეგ, "რეალი" ჩემპიონატში პირდაპირ კონკურენტ "სოსიედადთან" 2:4 დამარცხდა. რონალდო პირველ მატჩში საუკეთესო კონდიციებისგან შორს იყო, ხოლო რაულს საპასუხო მატჩის წინ მწვავე აპენდიციტი აღმოუჩნდა. შედეგად, "ოლდ ტრაფორდზე" გამართული საპასუხო მატჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სანახაობრივი გამოდგა, რომელიც ცალკე აღნიშვნის ღირსია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.