17 წლის ბიჭი "რენიდან" - გაიცანით "რეალის" სატრანსფერო სამიზნე

17 წლის ბიჭი "რენიდან" - გაიცანით "რეალის" სატრანსფერო სამიზნე

მადრიდის "რეალი" "რენის" 17 წლის ნახევარმცველის ედუარდო კამავინგას შეძენით უფრო და უფრო ინტერესდება. მადრიდელები კამავინგაში კაზემიროს ღირსეულ შემცვლელს ხედავენ, მაგრამ მისი სატრანსფერო ღირებულება ძალიან მაღალია...

ფრანგული პრესის ინფორმაციით, "რენი" კამავინგას ტრანსფერში 60 მლნ. ევროს ითხოვს. ამასთან ერთად, ფრანგულ კლუბს ერთი წლით მისი არენდით დატოვება სურს. პორტალი Transfermarkt-ი ამ ეტაპზე ედუარდოს 37,5 მლნ. ევროდ აფასებს, გასულ თვეში კი მისი მაქსიმალური ღირებულება 42 მლნ. ევრო იყო.

დღეს ეს ბიჭუნა ორი მადრიდული გაზეთის გარეკანზეა. ასე რომ, მოდით, ის უკეთესად გავიცნოთ.

17 წლის ბიჭი "რენიდან" - გაიცანით "რეალის" სატრანსფერო სამიზნე




დაიბადა ანგოლაში, გაიზარდა საფრანგეთში. "რენის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა

კამავინგა ანგოლას დასავლეთ ნაწილში დაიბადა, მაგრამ უკვე ერთ წელიწადში ოჯახთან ერთად საფრანგეთში გადაბარგდა. ის შვიდ წლამდე ძიუდოში ემზადებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაერთო ფეხბურთზე. 11-წლამდელთა ტურნირზე "რენის" სელექციონერთა ყურადღება მიიპყრო. ასე რომ, 2013 წელს კამავინგა საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში აღმოჩნდა.

ნახევარმცველი მალე პროგრესირებდა. 15 წლის ასაკში უკვე "რენის" მეორე გუნდში თამაშობდა, ხოლო 16 წლის ასაკში კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და მათ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა.



2018 წლის დეკემბერში "რენი" ჟულიენ სტეფანმა ჩაიბარა, რომელიც იქამდე დუბლებს წვრთნიდა. ის ედუარდოს კარგად იცნობდა. ამიტომ, მომდევნო თვიდან ის განაცხადში შეიყვანა. გასული წლის აპრილში კამავინგას პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა და კვლავ რამდენიმე რეკორდი გააუმჯობესა.

- ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი "რენის" ისტორიაში (16 წლის, 4 თვის და 27 დღის).

- 2002 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში დებიუტი ჰქონდა.

გასული სეზონის დასრულებამდე კამავინგამ ლიგა 1-ში 7 მატჩი ჩაატარა, წლევანდელი სეზონი კი გადამწყვეტი გამოდგა. ედუარდო ძირითადში მყარად დამკვიდრდა - 36 მატჩი ჩაატარა, აქედან 25 ჩემპიონატში, აქტივში კი 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ამასთან ერთად, საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

კამავინგა "რეალისკენ" მიიწევს, მაგრამ ოჯახი ეჭვობს. "რენსაც" ფეხბურთელის შენარჩუნება მომავალ ზაფხულამდე სურს

ედუარდოს პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი ამ ბიჭის პროგრესს ყურადღებით აკვირდება. "რეალი" კაზემიროს შემცვლელად რამდენიმე ფეხბურთელს განიხილავს. სიაში არიან ბუბაკარი სუმარე ("ლილი") და ნგოლო კანტე ("ჩელსი"), მაგრამ თუ პოგბას ტრანსფერი არ შედგა, ზიდანი საუკეთესო ვარიანტად ედუარდო კამავინგას მიიჩნევს.

თავად ფეხბურთელსაც "სამეფო კლუბში" გადაბარგების სურვილი აქვს. კამავინგა მიიჩნევს, რომ "რეალი" მის სტილს შეეფერება და პროგრესირებას შეძლებს, მაგრამ ყველა ასე ოპტიმისტურად განწყობილი არ არის. ფეხბურთელის ოჯახი თვლის, რომ მათი შვილისთვის ასეთი დონის კლუბში გადაბარგება ადრეა.



"რენი" და მისი მწვრთნელიც თითქმის ამ აზრზე არიან. "მას კიდევ ერთი სეზონით "რენში" დარჩენას ვურჩევ, რადგან ეს მისი საწვრთნელი კლუბია" - განაცხადა სტეფანმა AS-თან ინტერვიუში. "კარგი სეზონის შემდეგ, ამ ფეხბურთელის კარგი თვისებები უნდა დამტკიცდეს. აქ ამის გაკეთება უფრო გაუმარტივდება. ტოპ-კლუბში მას 60 მატჩის ჩატარება დასჭირდება, რათა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს. მას პოტენციალი და ყველა უნარ-ჩვევა აქვს იმისათვის, რომ ტოპ-კლუბში აღმოჩნდეს, მაგრამ ამისათვის კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო".

სწორედ ამიტომ, "რენი" ახლა კომპრომისულ ვარიანტს განიხილავს: ფეხბურთელი ამ სეზონში გაყიდოს, მაგრამ არენდით ერთი სეზონით შეინარჩუნოს.

"რეალს" "ბარსელონასგან" განსხვავებით წარსულში კამავინგას აგენტ მუსა სისოკოსთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია. კამავინგათი კატალონიელებიც ინტერესდებოდნენ, მაგრამ ფინანსური კრიზისის და ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობის გამო, ამისათვის ფინანსური შესაძლებლობები არ ჰყოფნით.

კიდევ ერთი ვარიანტი დორტმუნდის "ბორუსიაა". ისინი 50-60 მლნ. ევროს გადასახდელად მზად არიან. მთავარი გარანტია მუდმივი სათამაშო დროა. გარდა ამისა, დორტმუნდელები მზად არიან "რენთან" კარგი ურთიერთობა გამოიყენონ. მათ ადრე ამ გუნდიდან უსმან დემბელე შეიძინეს. ედუარდოს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.