7 წელი კაზემიროს დებიუტიდან და 7 გამორჩეული მომენტი "რეალში"

7 წელი კაზემიროს დებიუტიდან და 7 გამორჩეული მომენტი "რეალში"

2013 წლის 20 აპრილს კაზემირომ "სანტიაგო ბერნაბეუს" გაზონზე პირველად შეაბიჯა. ის სტადიონზე უკვე ნამყოფი იყო და ერთ მშვენიერ დღეს კრიშტიანუ რონალდუსთან, ჩაბი ალონსოსთან, სერხიო რამოსთან და კომპანიასთან ერთად თამაშზე ოცნებობდა. ამის გამო მან ბრაზილია დატოვა და "კასტილიაში" გადაბარგდა...

მისი ოცნება ახდა. ჟოზე მოურინიომ ლა ლიგაში "ბეტისთან" მატჩი კაზემიროს ძირითადში დააწყებინა. ბრაზილიელი მოედნის ცენტრში ლუკა მოდრიჩთან და მესუთ იოზილთან ერთად განლაგდა და სრული მატჩი ჩაატარა, რომელიც "რეალმა" 3:1 მოიგო: 2 გოლი იოზილმა გაიტანა, 1 კი ქარიმ ბენზემამ.

კაზემირომ მადრიდული კარიერა ისე დაიწყო, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ სუპერვარსკვლავი გახდებოდა. მისი დებიუტიდან 7 წელი გავიდა, საიდანაც შეგვიძლია 7 გამორჩეული მომენტი გავიხსენოთ.

ეტაპი "კასტილიაში"

კაზემირომ 2013 წლის დასაწყისში თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მან სან-პაულუ დატოვა, რათა "კასტილიაში" გადაბარგებულიყო. ფეხბურთელის გარემოცვაში ბევრისთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარი იყო, მაგრამ თავად ბრაზილიელმა ყველაფერი კარგად იცოდა.

"ორი ნაბიჯი უკან გადავდგი, რათა შემდეგში ათი წინ გადამედგა".

კაზემირომ "კასტილიაში" თავისი კარიერის განვითარების შესაძლებლობა დაინახა და გარისკა. თავიდან ის მეორე გუნდში შრომობდა და მალე მთელ კლუბში გაითქვა სახელი.

კაზემიროს სახელი მოურინიოს დაფაზე

7 წელი კაზემიროს დებიუტიდან და 7 გამორჩეული მომენტი "რეალში"


კაზემირომ ინტერვიუში მოგვითხრო იმის შესახებ, თუ როგორ ვარჯიშობდა იქამდე, სანამ "ბეტისთან" მატჩს ძირითადში დაიწყებდა, რომელიც მისთვის სადებიუტო აღმოჩნდა:

"ამ მატჩს დიდი მღელვარებით ვიხსენებ და იმას, რაც მანამდე იყო. ვიცოდი, რომ პირველ გუნდთან ერთად ვიქნებოდი, მაგრამ არ მეგონა, თუ ვითამაშებდი. ბევრის მსგავსად, მეც იმედი მქონდა, რომ რამდენიმე წუთით თამაშის საშუალება მომეცემოდა, მაგრამ მატჩამდე ერთი დღით ადრე მოურინიომ თავის კაბინეტში მიხმო. მან მითხრა: "ხედავ ამ დაფას?". იქ სასტარტო შემადგენლობა იყო გამოსახული, სადაც ჩემი სახელი ამოვიკითხე. "შენ ითამაშებ" - მითხრა მოურინიომ. მახსოვს, რომ ჩვენი საუბრის დროს მან ჩემზე, როგორც ფეხბურთელზე, იმდენი კარგი რამ თქვა და დიდი ნდობა გამომიცხადა, რომ მოედანზე გავედი და თავი მსოფლიოს საუკეთესო საყრდენად წარმოვიდგინე. ეს იყო მთავარი მიზეზი, თუ რატომ გამოდგა ის მატჩი ჩემთვის წარმატებული".

17 წუთი დორტმუნდის "ბორუსიასთან"

კაზემირო 2013/14 წლების სეზონში პირველ გუნდში დამკვიდრდა. თუმცა, ჟოზე მოურინიო კარლო ანჩელოტიმ ჩაანაცვლა, რომელიც ბრაზილიელს არ ენდობოდა. კაზემიროს ცხოვრება დორტმუნდში გამართულმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩმა შეცვალა. "რეალმა" პირველი მატჩი 3:0 მოიგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში 2:0 მარცხდებოდა, გერმანელები რევანშთან ახლოს იყვნენ. ანჩელოტიმ მინდორზე კაზემიროს შეყვანა გადაწყვიტა. ბრაზილიელმა დარჩენილ 17 წუთში მეტოქე გუნდის ყველა შეტევა ჩაშალა.

"ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი დორტმუნდში დაიწყო. ამ გუნდმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ჩემთვის ეს მატჩი ყოველთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული იქნება. ვგრძნობდი, იმ საღამოს მთელ მსოფლიოს დავუმტკიცე, რომ "რეალში" თამაში შემიძლია".

"ნოუ კამპი": დღე, როცა კაზემირომ ზიდანის გული მოიგო

"პორტუში" არენდით გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, რაფა ბენიტესმა კაზემირო "რეალში" დააბრუნა. მწვრთნელმა მას გუნდში გარკვეული ადგილი გამოუყო, მაგრამ ბრაზილიელი უფრო მაღალ დონეზე მხოლოდ ზიდანის მწვრთნელობისას ავიდა. კაზემირომ ფრანგის ნდობა ორ თვეში მოიპოვა და ძირითადში ადგილი მიიღო. მნიშვნელოვანი როლი "ნოუ კამპზე" მოგებულმა "კლასიკომ" (1:2) ითამაშა. მაშინ ზიზუ კაზემიროთი საბოლოოდ მოიხიბლა და ბრაზილიელი ხელშეუხებელი გახდა. სეზონი ჩემპიონთა ლიგის მოგებით დასრულდა, რომელიც კაზემიროსთვის მეორე აღმოჩნდა. ამჯერად, მან მილანში გამართული შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

გოლი კარდიფში და დუოდესიმა

კაზემირო მოედნის ცენტრში ლუკა მოდრიჩთან და ტონი კროოსთან ერთად გაბატონდა. "რეალმა" 2016/17 წლების სეზონში ისტორიული დუბლი გაიფორმა. გუნდმა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ) მოიგო. "იუვენტუსთან" გამართულ ფინალურ მატჩში კაზემირომ ჯანლუიჯი ბუფონის კარი შორეული დარტყმით დალაშქრა და გუნდი დააწინაურა (1:2). ბრაზილიელის აქტივში "სამეფო კლუბთან" ერთად 3 ჩემპიონთა ლიგის ფინალი და 3 თასი იყო.



ზედიზედ სამი ისტორიული გამარჯვება

კაზემიროსთვის 2017/18 წლების სეზონი ისევე დაიწყო, როგორც წინა დასრულდა - ის წამყვანი ფიგურა იყო მატჩში, რომელმაც "რეალს" მორიგი ტიტული მოუტანა. კარდიფში გატანილი გოლის შემდეგ, ბრაზილიელმა ევროპის სუპერთასზე ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედის" კარი დალაშქრა. მან გუნდი წინ გაიყვანა, ისკომ კი მატჩს წერტილი დაუსვა - 2:1. სეზონის ბრწყინვალე დასაწყისი, რომელიც კიევში ისტორიული გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის ოთხი ფინალი და ოთხი გამარჯვება კაზემიროს ანგარიშზე.

13 ტიტული "რეალში" გატარებულ 6 სეზონში

კაზემირო ზიდანის გუნდში ხელშეუხებელ ფეხბურთელად რჩება. ბრაზილიელმა მასთან ერთად ამ სეზონშიც მიაღწია წარმატებას. მან 2020 წლის იანვარში ესპანეთის სუპერთასის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა და გუნდთან ერთად მე-13 ტიტული მოიგო. ზიდანმა კაზემიროსადმი სიმპათიები ვერ დამალა: "შენ უბრალოდ მონსტრი ხარ" - უთხრა მწვრთნელმა მას ფინალის შემდეგ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.