"რეალი" - "იუნაიტედი" 2003 წელს: ოვაციები რონალდოს, ზიდანის და გუტის მაისურები ბექჰემს

"რეალი" - "იუნაიტედი" 2003 წელს: ოვაციები რონალდოს, ზიდანის და გუტის მაისურები ბექჰემს

ჩვენ 2003 წლის აპრილს ვუბრუნდებით. ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" თავიანთ ჩემპიონატებში ტიტულისთვის ბრძოლაში პირდაპირ კონკურენტებს ხვდებოდნენ...

ინგლისში ტურნირის დასრულებამდე 5 ტური რჩებოდა, "არსენალი" "იუნაიტედს" 3 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ერთი მატჩი თადარიგში ჰქონდა და კონკურენტს გატანილი და გაშვებული ბურთებით აღემატებოდა. გუნდებმა შეხვედრა 2:2 დაასრულეს. "რეალი" "სოსიედადთან" დამარცხდა, "ბარსელონასთან" ფრე ითამაშა და ორ ტურში "სოსიედადთან" 6-ქულიანი უპირატესობა 1-მდე შემცირდა.

"ემიუს" იძულებითი ცვლილებების გარდა, დისკვალიფიკაციის გამო გარი ნევილი და პოლ სქოულზი ვერ ეხმარებოდნენ. რაც შეეხება "რეალს", მატჩამდე ორი დღით ადრე რაულს აპენდიციტი ამოკვეთეს. ფერგიუსონმა და დელ ბოსკემ თითო ცვლილება განახორციელეს, რამაც მატჩზე დიდი გავლენა იქონია. სერ ალექსმა ბექჰემის ნაცვლად სასტარტოში ოლე-გუნარ სულშერი გაამწესა. "ოლე ფანტასტიურ ფორმაში იყო. ყოველთვის მსურს ის თადარიგში დავტოვო, რადგან ვიცით, რომ შეუძლია შეცვლაზე შევიდეს და მატჩის მიმდინარეობა შეცვალოს, მაგრამ ყოველთვის ასე რომ მოვიქცე, ამის გამო შესაძლოა დარტყმა მიიღოს. ასე რომ, ასე ვერ მოვიქეცი, მიუხედავად იმისა, რომ ბექჰემიც შესანიშნავი ფეხბურთელია" - ასე ახსნა თავისი არჩევანი ფერგიუსონმა.

თუმცა, ყველას ახსოვდა ბუცი, რომელიც ფერგიმ "არსენალთან" სათასო მატჩის შემდეგ დევიდ ბექჰემის მისამართით ისროლა, ყველა "რეალის" მხრიდან ბექჰემისადმი ინტერესზე საუბრობდა. თავად ამ გუნდების დაპირისპირებასაც ფიგუსა და ბექჰემის მატჩად ნათლავდნენ, რომელიც "რეალში" ინგლისელის პოზიციაზე ასპარეზობდა.

ამასთან ერთად, უფრო მეტი კითხვა არა სულშერის, არამედ ვერონის სასტარტოში გამოჩენის შემდეგ გაჩნდა. არგენტინელმა ტრავმის გამო შვიდი კვირა გამოტოვა და საწვრთნელ ბაზაზე დიდი ხნის დაბრუნებული არ იყო. ბექჰემი მწვრთნელის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული ვერ დარჩა: "რეალთან" მატჩის წინ ამ დაპირისპირებაზე ვიყავი კონცენტრირებული, როგორც სხვები, მაგრამ ის ფაქტი, რომ სათადარიგოთა სკამზე ვიქნებოდი, კბილის ტკივილივით მაწუხებდა. თამაშს გვერდიდან ვუყურებდი. მადრიდის "რეალი" - ეს მნიშვნელოვანი თამაშია, შვილო. ზედმეტად მნიშვნელოვანი, რომ შენ ითამაშო. შინაგანად ძალიან გაბრაზებული ვიყავი".

გარდა ამისა, ფერგიუსონმა დაცვის ხაზი სრულად გარდაქმნა. ბრაუნმა დაცვის ცენტრიდან მარჯვნივ გადაინაცვლა, სილვესტრმა კი მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეიწია, სილვესტრის პოზიცია ჯონ ო'შიმ დაიკავა.

"რეალი" - "იუნაიტედი" 2003 წელს: ოვაციები რონალდოს, ზიდანის და გუტის მაისურები ბექჰემს


დელ ბოსკემ ფლავიო კონსეისაოს პოზიციაზე გუტი გაამწესა. საეჭვოა, რომ კონსეისაოს რონალდოს მისამართით ასეთი პასი გაეკეთებინა, მაგრამ საყრდენი ზონა უფრო შეკრული იქნებოდა და შავი სამუშაოს შესრულება მხოლოდ კლოდ მაკელელეს არ მოუწევდა.

"პირველ მატჩში 3:1 დავმარცხდით, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდით, რომ თუ მატჩს კარგად დავიწყებდით, "ოლდ ტრაფორდზე" ნებისმიერ მეტოქეს დავამარცხებდით" - იხსენებს რაიან გიგზი.

მანჩესტერელებს კარგი დასაწყისი არ გამოუვიდათ. პირველი 35-40 წუთი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებულ მატჩს ჰგავდა. თამაშს "რეალი" აკონტროლებდა. უბრალოდ, ამჯერად, "რეალმა" ბურთი დათმო და მეტოქეს თავის ნახევარზე ხვდებოდა, ამავდროულად კი მწვავე კონტრშეტევებს ანხორციელებდა. ცენტრში ბურთის გათამაშების შემდეგ, ის მარცხენა ფლანგზე აღმოჩნდებოდა და იქედან შეტევების განვითარება ხდებოდა. შესაძლოა ბურთი ცენტრიდან მარჯვენა ფლანგზეც აღმოჩენილიყო (რონალდოს პირველი გოლი), ან პირიქით, მარცხენაზე. სახიფათო მომენტი კუთხურიდანაც შეიქმნა, როცა ივან ელგერა მარტოდმარტო დატოვეს, მაგრამ მადრიდელთა მცველს ცოტა დააკლდა.

"იუნაიტედმა" მეტოქეს ჯონ ო'შის დრიბლინგით და რობერტო კარლოსის და ივან ელგერას ზონებზე პრესინგით უპასუხა. ინდივიდუალური ქმედებებით რუუდ ვან ნისტელროი გამოირჩეოდა, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, მეტოქეებს ატყუებდა და ან ახლო კუთხეში ურტყამდა, ან კარს აცილებდა. მოვლენების ამგვარად განვითარების ფონზე, მასპინძელთათვის ანგარიში 0:1 ცუდი შედეგი არ იყო.

პირველი ტაიმის მიწურულს ყველაფერი შეიცვალა. ფიგუმ მეტოქის ნახევარზე წესები დაარღვია. თითქოს განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. სილვესტრმა წინ გრძელი გადაცემა გააკეთა, იერო და ელგერა ერთმანეთს საჰაერო ბრძოლაში შეეჯახნენ, გიგზმა სიტუაციით ისარგებლა, სულშერს გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ვან ნისტელროი მოძებნა. ამ უკანასკნელმა ანგარიში გაათანაბრა და თამაში გახურდა. პირველ ტაიმში დარჩენილ დროში გუნდებმა იმდენივე მომენტი შექმნეს, რამდენიც მთელ ტაიმში: კასილასმა სულშერის და ნისტელროის დარტყმები მოიგერია, ელგერამ ბრაუნის დარტყმა დაბლოკა, ხოლო მაკმანამანს სალგადოს ჩაწოდების შემდეგ დარტყმა არ გამოუვიდა.

ახლა უკვე "რეალის" უპირატესობა აღარ იგრძნობოდა, თამაში ქაოსური გახდა, "რეალის" ფეხბურთელები ბურთს იგერიებდნენ და შეცდომებს უშვებდნენ. დელ ბოსკემ ნამატჩევს განაცხადა: "ნებისმიერ მომენტში თამაში შეიძლებოდა სხვაგვარად შემოტრიალებულიყო".



მეორე ტაიმის დასაწყისში "რეალი" როგორც კი ბურთს დაეუფლა, ზიდანმა და რობერტო კარლოსმა "იუნაიტედის" დაცვა გაანადგურეს, ბრაზილიელმა განაპირა მცველმა რონალდოს ცარიელი კარის წინ პასი გაუკეთა და "კიჭამაც" დუბლი შეასრულა. ახლა უკვე "იუნაიტედს" 4 გოლის გატანა სჭირდებოდა.

მეორე ტაიმში "ემიუს" მხრიდან წამყვანი ფიგურა ხუან სებასტიან ვერონი გახდა. პირველ ტაიმში არგენტინელმა თავი წესების დარღვევებით და ერთი ყვითელი ბარათით დაგვამახსოვრა. ტაიმის ბოლოს მან და გიგზმა ადგილები შეცვალეს. უელსელმა "ათიანის" პოზიციაზე გადაინაცვლა, არგენტინელმა კი მარცხენა ფლანგზე შეიწია. შესვენების შემდეგ გუნდის შეტევებს სწორედ ვერონი მართავდა. მან ნისტელროის მისამართით გადაცემა გააკეთა, რომელიც ელგერამ საკუთარ კარში ჩაჭრა.

ელგერას ავტოგოლის შემდეგ სულშერი კასილასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ სიტუაციაშიც იკერმა გაიმარჯვა. "რეალის" მეკარე დიდებულ მატჩს ატარებდა. სულშერს მაშინაც კარგი შანსი ჰქონდა, როცა ანგარიში 2:3 იყო, მაგრამ ცოტა დააკლდა.

მალე რონალდომ მესამე გოლიც გაიტანა. იმ სეზონში ბრაზილიელს ცუდ ფორმაში ყოფნის გამო ბევრს აკრიტიკებდნენ. იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 8 მატჩში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა აქტივში. პირველ თამაშში თითქმის ვერაფრით გამოირჩა, სადაც ფიგუ, ზიდანი და რაული დომინირებდნენ... და უცებ, "ოლდ ტრაფორდზე" ჰეთ-ტრიკი შეასრულა. ჰეთ-ტრიკიდან 8 წუთში რონალდო შეცვალეს და ეს მომენტი ყველას დაამახსოვრდა.



"როცა რონალდომ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებიც კი არ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ მათი გუნდი ნახევარფინალში გავიდოდა. როცა რონალდო მოედანს ტოვებდა, პრაქტიკულად ყველა გულშემატკივარი ფეხზე წამოდგა და ტაშს უკრავდა, რადგან მან იმ მატჩში რაღაც განსაკუთრებული გააკეთა" - განაცხადა მატჩის არბიტრმა პიერლუიჯი კოლინამ.

"რონალდომ დაგვამცირა. მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა და მას ისეთი ოვაციები აჩუქა, რომელიც ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს უნდა დაემსახურებინათ. "იუნაიტედის" ქომაგები ფეხბურთში ერკვევიან და მათთვის რონალდოს თამაშის ცქერა დიდი პატივი იყო. იმ ღამით, როცა გულშემატკივრების რეაქციას ვაკვირდებოდი, რომლებიც რონალდოს აპლოდისმენტებით აცილებდნენ და ბრაზილიელისგანაც პასუხად ტაში მიიღეს, მათი საქციელით განსაკუთრებით ვამაყობდი" - გაიხსენა ბექჰემმა მოგვიანებით.

"ეს ჩემთვის ნამდვილად უნიკალური სიტუაცია და განსაკუთრებული მომენტია" - ამბობს თავად რონალდო იმ მომენტზე.

ამ წარმოდგენის დამამთავრებელი აკორდი თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე მინდორზე დევიდ ბექჰემის გამოჩენა იყო. მინდორზე შესვლიდან 8 წუთში დევიდმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.



სულშერის, გიგზის და ვან ნისტელროის შესანიშნავი კონტრშეტევისა და კომბინაციის შემდეგ, ბექჰემმა ცარიელ კარში კიდევ ერთი გოლი შეაგდო, ცოტა ხანში კი საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა (ააცილა). მატჩიც ასე დასრულდა.

"როცა "რეალის" ფეხბურთელებს ხელს ვართმევდით, რამდენიმეჯერ გავიფიქრე: "ეჰ, ყველაფერი სხვაგვარად რომ წარმართულიყო". შემდეგ აღტაცებამ შემიპყრო. ამ მატჩის 30 წუთში იმაზე მეტი კმაყოფილება ვიგრძენი, ვიდრე სეზონის ნებისმიერი თამაშიდან. გასახდელში გუტის და ზიდანის მაისურით და თბილი შეგრძნებებით დავბრუნდი. მახსოვს, როგორი სიმშვიდით მითხრა მწვრთნელმა: "დევიდ, შენ კარგად ითამაშე".

რონალდოს თამაშით სერ ალექსიც აღფრთოვანებული დარჩა: "საოცარი თამაში იყო! რონალდომ ბრწყინვალედ ითამაშა. მისი მესამე გოლი საოცარი დარტყმა იყო. ვერაფერს დაუპირისპირებ იმას, ვინც ასეთ მომენტებს ქმნის. აი, ამიტომაცაა ერთ-ერთი საუკეთესო".

ლეგენდის თანახმად, იმ საღამოს "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნებზე რომან აბრამოვიჩი იმყოფებოდა. ის ფეხბურთის დიდი ქომაგი არ ყოფილა, მაგრამ მატჩით იმდენად ნასიამოვნები დარჩა, რომ პრემიერლიგის კლუბის ყიდვა გადაწყვიტა.

ჩვეულებრივ, "იუნაიტედისა" და "რეალის" წყვილს შორის გამარჯვებული ჩემპიონთა თასის მფლობელი ხდებოდა. ამ გუნდების წინა დაპირისპირებებში ყოველთვის ასე ხდებოდა: 1956/57, 1967/68, 1999/00 წლების სეზონებში. თუმცა, ამჯერად ტრადიცია დაირღვა. "რეალი" ნახევარფინალში "იუვენტუსთან" დამარცხდა. "იუნაიტედმაც" და "რეალმაც" ქვეყნის ჩემპიონატი მოიგეს.

თუმცა, ეს ვისენტე დელ ბოსკეს ვერაფრით დაეხმარა. ფლორენტინო პერესმა ის პოსტიდან გაათავისუფლა და "გალაქტიკოსის" რღვევაც დაიწყო. ზაფხულში დევიდ ბექჰემმა "იუნაიტედი" "რეალზე" გაცვალა, "ოლდ ტრაფორდზე" კი ახალგაზრდა და პერსპექტიული კრიშტიანუ რონალდუ გადაბარგდა.

სრული მატჩის ნახვა UEFA-ს ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.