Debuta padre

Debuta padre

მარკო ასენსიო ერთწლიანი პაუზის შემდეგ მინდორს დაუბრუნდა და ბურთზე პირველივე შეხებით გოლის გატანა მოახერხა...

ასენსიომ მძიმე ტრავმა 11 თვის წინ მიიღო და მინდორს გუშინ "ვალენსიასთან" გამართულ შეხვედრაში დაუბრუნდა. მისი დაბრუნება მეგაეპიკური იყო! პირველ რიგში, "რეალმა" კერკეტი კაკალი "ვალენსია" დაამარცხა, რომელმაც მადრიდელებს პირველ ტაიმში წინააღმდეგობა გაუწია. მეორე ის, რომ მარკომ მოედანზე 16 წუთი გაატარა, აქტივში კი 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ასენსიო დასახელდა.

ეს ნამდვილად საოცნებო დაბრუნება იყო.



ასენსიომ მინდორზე გასვლიდან 31 წამში შეძლო გოლის გატანა. 2005/06 წლების სეზონის შემდეგ, ეს ლა ლიგაში "რეალის" ფეხბურთელის ყველაზე სწრაფი გოლია, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩაერთო.

კიდევ სხვა საინტერესო ფაქტებზე გავამახვილოთ ყურადღება. მარკო თავისი სადებიუტო გოლების სტატისტიკას აგრძელებს:

პირველი მატჩი "რეალში" - გოლი
პირველი მატჩი ლა ლიგაში - გოლი
პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე - გოლი
პირველი მატჩი სამეფო თასზე - გოლი
პირველი მატჩი ესპანეთის სუპერთასზე - გოლი
პირველი მატჩი ერთწლიანი პაუზის შემდეგ - გოლი

2002 წელს, როცა ბრაზილიელმა რონალდომ "რეალში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, გაზეთმა Marca-მ მეორე დღეს ასეთი სათაური შემოგვთავაზა: debuta madre - დებიუტების დედა. სიტყვების თამაში გამოთქმა de puta madre-სგან. რონალდოს ასეთი დებიუტი ერთი ჰქონდა, მარკოს კი უკვე ექვსი აქვს.



ასენსიომ თავის Twitter-ზე დაწერა: "ამ მომენტს თვეების განმავლობაში ველოდი. ბევრი რთული სამუშაო და თავგანწირვა უკან მოვიტოვე. ამ გოლს ყველა იმ მათგანს ვუძღვნი, ვინც დამეხმარა და ამ ხანგრძლივი რეაბილიტაციის დროს ჩემს გვერდით იდგა. ღიმილი კვლავ დამიბრუნდა!".

მატჩის მიმოხილვა:



ამავდროულად, მარკო ასენსიოს დოკუმენტური ფილმის თრეილერი გამოვიდა, სახელწოდებით "მარკო ასენსიო - გამოწვევა".

თრეილერის ამაღელვებელი მომენტები:

მარკო ტრავმის მომენტზე: "შოკის და შიშის მდგომარეობაში ვიყავი. ვერ ვაცნობიერებდი, რა მოხდა".

კლუბის ექიმი: "მაშინვე მივხვდი, რა მოხდა, რადგან მარკო პირდაპირ თვალებში მიყურებდა".

მარკო: "ეს ყველაფერი უნდა გააცნობიერო და მიიღო, შემდეგ კი მუშაობა დაიწყო. ბოლოსდაბოლოს, ამაში ბევრი ადამიანი გეხმარება".

მარკო ასენსიოს მეგობარი გოგონა: "მარკოს პაუზის და ირგვლივ ყველაფრის დანახვის საშუალება მიეცა. ვფიქრობ, ცხოვრებაში ისე ვჩქარობთ, ვერც კი ვამჩნევთ, ირგვლივ რა ხდება".

ასენსიო - ისკო: "თავს როგორ გრძნობ?" "მინდორს მომდევნო ორშაბათს დავუბრუნდები და შენ?" (იცინიან).

მარკო თავის შესახებ: "საკუთარი თავის პოვნა ხელახლა მომიწია. უნდა გამეცნობიერებინა, სად წავსულიყავი, რა მეკეთებინა, რისთვის მიმეღწია".

ფლორენტინო პერესი მარკოს: "არ უნდა იჩქარო. ყველაფერი დროულად იქნება".

ასენსიო თავის სმარტფონში ძაღლის ფოტოს გვიჩვენებს: "მას შემდეგ, რაც ოპერაცია გამიკეთეს, მუდმივად ფეხზე მკოცნის".

მარკო აუზში: "მომდევნო ნაბიჯი - სირბილია!".

მარსელო "ვალდებებასის" საწვრთნელი ბაზის აივნიდან. დღე, როცა ასენსიომ სირბილი პირველად განაახლა: "რა სასიხარულოა, ბიჭო!" და ასენსიოს მისამართით აპლოდისმენტებს არ იშურებს.

აზარი ასენსიოს ეხუმრება: "მარკო! ფეხბურთი ბურთთან მუშაობაა და არამარტო ცალკე სირბილი".

მარკო დასასრულს: "ეს ყველაფერი იმას მივუძღვენი, რომ საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა ამ სირთულეს გადავლახავდი და იმ ყველაფერს, რაც წინ მელოდება".



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.