კასილია "ს"–ს გარეშე

კასილია "ს"–ს გარეშე

წრე შეიკრა. მადრიდის "რეალის" აღზრდილი კიკო კასილია მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა, რომელთანაც 5–წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თავისი გვარით შეუძლებელია მან ლეგენდარული იკერ კასილასი არ გაგვახსენოს, რომელმაც მადრიდი ეს–ესაა დატოვა. თუმცა, ჯერჯერობით ამ ორი გოლკიპერის კარიერა სხვაგვარად მიმდინარეობს. მოდით, ახლოს გავიცნოთ კიკო კასილია...

ფრანსისკო "კიკო" კასილია კორტესი

დაბადების ადგილი: ალკოვერი, ტარაგონა
დაბადების თარიღი: 02.10.1986
პოზიცია: მეკარე
წონა: 84 კგ
სიმაღლე: 191 სმ
ეროვნება: ესპანეთი

მასზე ამბობენ
""ესპანიოლს" ძალიან გაუმართლა, რომ გუნდში კასილია ჰყავს. ის ნამდვილი პროფია, მაგრამ როცა ასეთი შანსი გეძლევა, მას ხელი თვალდახუჭულმა უნდა ჩაავლო. როცა ასეთი წინადადება გაქვს, მას მაშინვე უნდა დაეთანხმო" – "ესპანიოლის" მთავარი მწვრთნელი სერხიო გონსალესი კასილიაზე და მის "რეალში" გადაბარგებაზე.

ის ამბობს
"არაფერი ვიცოდი. უცებ, ჩემს ირგვივ უამრავი ადამიანი გაჩნდა. უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობდი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების კამპანიაში მოხვედრა საოცრება იქნება. ასევე, იმათ გვერდით ვიასპარეზებ, რომლებმაც ლა ლიგაში 300 მატჩი ჩაატარა" – კასილიას კომენტარი 2014 წლის აგვისტოში, როცა ნაკრებში გამოიძახეს.

კარიერული გზა
კასილია კატალონიურ ალკოვერში დაიბადა, მაგრამ უკვე 1999 წელს 13 წლის ასაკში "ხიმნასტიკი" დატოვა, რათა "რეალის" აკადემიაში გადაბარგებულიყო. მან იქ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები გამოიარა, სანამ "კასტილიაში" მოხვდებოდა. თუმცა, მათ რიგებში კიკომ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. 2007 წელს კი "ესპანიოლში" გადაბარგდა. თავის პირველ სეზონში კასილიამ 4 მატჩი ჩაატარა. თუმცა, 2008–2010 წლების სეზონი არენდით "კადისში" იასპარეზა. 2010/11 წლების სეზონი მეორე დივიზიონში მოასპარეზე "კარტახენას" მიუძღვნა.

კასილიას "ესპანიოლის" ძირითადი გოლკიპერის როლი 2013/14 წლების სეზონში მიანდეს, ხოლო ლა ლიგაში 100–მატჩიანი ზღვარი მხოლოდ ამა წლის თებერვალში გადალახა.

სტილი
კიკოს ერთ–ერთი უძლიერესი მხარე ჰაერში თამაშია. ამიტომ, მას "მეორე სართულზე" ორთაბრძოლებში ხშირად იხილავთ. გარდა ამისა, ის "ხაზზეც" დიდებულად ასპარეზობს. "რეალის" ახალწვეული კარგი რეაქციით გამოირჩევა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო ორ წელიწადში მან ლა ლიგაში ყველაზე მეტი სეივი (209) განახორციელა.

ნაკრები
მიუხედავად იმისა, რომ კასილიას ესპანეთის 19–წლამდელთა ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, არავის ეგონა, რომ მთავარ ნაკრებში თამაშის საშუალება მიეცემოდა, რადგან ვისენტე დელ ბოსკეს მეკარის პოზიციაზე უბრალოდ დიდი არჩევანი ჰქონდა. ბოლოსდაბოლოს, კიკოს ნაკრებში უხმეს. მან გერმანიასთან (0:1) გამართულ ამხანაგურ მატჩში 77–ე წუთზე იკერ კასილასი შეცვალა. შეხვედრის ბოლო წუთზე სწორედ კასილიამ გაუშვა ერთადერთი გოლი, რომლის ავტორიც ტონი კროოსი გახდა. ჯერჯერობით "სამეფო კლუბის" ახალწვეულს ნაკრებში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.