რამოსი-ვარანი: წყვილის წარმატების ისტორია

რამოსი-ვარანი: წყვილის წარმატების ისტორია

ევროპულ ფეხბურთში სერხიო რამოსის და რაფაელ ვარანის დუეტი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემია. უკვე მეხუთე სეზონია, რაც "რეალის" დაცვის ცენტრში მათ უცვლელად ვხედავთ...

რამოსი და ვარანი "რეალის" ისტორიაში არიან როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად. ისინი მადრიდული გრანდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დუეტს წარმოადგენენ. ამაზე მათ მიერ მოგებული ტიტულები და ჩატარებული მატჩები მეტყველებს.

"რეალს" თავის დროზე რამოსის და ვარანის შეძენა 40 მლნ. ევრო დაუჯდა. მადრიდელებმა 2005 წელს რამოსის სანაცვლოდ 30 მლნ. ევრო გადაიხადეს, ხოლო ვარანში 2011 წელს 10 მლნ. ევრო. მათ წლების შემდეგ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე იდეალური დუეტი შექმნეს. ფეხბურთელებმა ერთად უამრავი ტიტული მოიგეს. ბოლოს ივლისში ლა ლიგის მოგება იზეიმეს. ამასთან ერთად, რამოსიც და ვარანიც თავიანთ ნაკრებებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონები არიან.

უკვე ხუთი წელიწადია, რაც რამოსი და ვარანი "რეალის" დაცვის ცენტრში უცვლელ დუეტს ქმნიან. ადრე, როცა ფრანგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მადრიდელთა ლეგენდარულ მცველ პეპესთან ძირითადში მოსახვედრად იბრძოდა, მაგრამ პორტუგალიელის წასვლის შემდეგ ვარანი კაპიტანს შეუწყვილდა.

პერიოდულად "რეალი" ცენტრალურ მცველებს ყიდულობს. ბოლოს მადრიდელებმა "პორტუდან" ედერ მილიტაო შეიძინეს, მაგრამ ჯერჯერობით რამოსის და ვარანის შეცვლა ვერავინ მოახერხა. ეს დუეტი 2016 წლიდან უცვლელად თამაშობს.

ვარანის მწვერვალისკენ სვლა არცთუ ისე მარტივი იყო. ის პეპესთან კონკურენციაში იყო, რის გამოც მისი კლუბიდან წასვლის თაობაზე ბევრი იწერებოდა. ვარანს ძირითადში დამკვიდრება მალევე სურდა, ხოლო როცა წინააღმდეგობას ხვდებოდა, პრესაში მისი "სამეფო კლუბიდან" შესაძლო წასვლაზე საუბრები იწყებოდა.

მას შემდეგ, რაც "რეალი" ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა, ვარანი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. ვარანმა რამოსთან ერთად კლუბის ყველა წარმატებაში მიიღო მონაწილეობა და "რეალის" დაცვამაც სტაბილურობა შეიძინა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.