მარიანომ გლანდების ოპერაციის შემდეგ წონაში 8 კგ დაიკლო

მარიანომ გლანდების ოპერაციის შემდეგ წონაში 8 კგ დაიკლო

განვლილ ხუთშაბათს, მარიანო დიასმა "ვალდებებასზე" გლანდების ოპერაციის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა. ფოტოზე ხედავთ მარიანოს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. ბოლო სამ კვირაში დომინიკელმა ფორვარდმა წონაში საგრძნობლად დაიკლო...

ფორვარდს ოპერაციის შემდეგ 10 დღეზე მეტი მყარი საკვების მიღება ეკრძალებოდა, რამაც მის წონაზე საგრძნობლად იმოქმედა. მან 8 კგ დაიკლო, მაგრამ აღდგენითი პროცესის დროს 3 კგ მოიმატა.

მარიანოს გლანდები რეგულარულად აწუხებდა. ამის გამო მას ყოველწლიურად პრობლემები ჰქონდა და წელს ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, რადგან ეს მის კუნთოვან მასაზე უარყოფითად მოქმედებდა. წონის დაკლება 27 წლის სპორტსმენზე ცუდად აისახა, მაგრამ ის კლუბთან ერთად აღდგენით პროცესს გადის, რათა სრულფასოვანი ფიზიკური კონდიციები დაიბრუნოს.

დომინიკელ ფორვარდს სანაკრებო შესვენებამ სულზე მოუსწრო, რადგან სანამ თანაგუნდელები საკლუბო ბაზაზე არ არიან, მას შეუძლია ფიზიკური კონდიციები სრულად აღიდგინოს და მათ დაეწიოს. წელს მარიანოს არ გაუმართლა. აგვისტოში კორონავირუსის დადებითმა ტესტმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაში ხელი შეუშალა, ხოლო შვებულებიდან ჯანმრთელობის პრობლემებით დაბრუნდა.

მარიანოს კვლავ სჯერა, რომ ზინედინ ზიდანის გუნდში თავის გამოჩენა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი სპეციალისტის "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნების შემდეგ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. მარტში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა, მარიანომ სათამაშო დრო მიიღო და "კლასიკოში" გოლიც გაიტანა. თვითიზოლაციის შემდეგ, მან "რეალ სოსიედადთან", "მალიორკასთან" და "ხეტაფესთან" ითამაშა. ზაფხულში მისი გადაბირება რამდენიმე კლუბს სურდა. მათ შორის, ლისაბონის "ბენფიკას", მაგრამ თავად ფორვარდმა "რეალიდან" წასვლა არ ისურვა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.