სირთულეები რამოსის შემცვლელის ძიებაში

სირთულეები რამოსის შემცვლელის ძიებაში

თუ კაპიტანი 2020/21 წლების სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას გადაწყვეტს, მისი შემცვლელის პოვნა ძალიან რთული იქნება...

ფლორენტინო პერესს "რეალში" პირველი ვადით ყოფნისას მსგავსი პრობლემა უკვე გამოვლილი აქვს, როცა კლუბი ფერნანდო იეროს მემკვიდრეს უიმედოდ ეძებდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა "რეალის" პრეზიდენტმა გალაქტიკოსის შექმნა ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელების და კანტერანოების ირგვლივ გადაწყვიტა. მათ შორის იყვნენ ფრანსისკო პავონი, ალვარო მეხია და მარცხენა მცველი რაულ ბრავო. თითოეულმა მათგანმა ცენტრალური მცველის ვაკანტურ პოზიციაზე იასპარეზა.

"რეალმა" 2004 წლის ზაფხულში სატრანსფერო პოლიტიკის შეცვლა გადაწყვიტა და იეროს შემცვლელად "რომადან" ვალტერ სამუელი (25 მლნ. ევრო) და "ნიუკასლიდან" ჯონათან ვუდგეიტი (18,3 მლნ. ევრო) შეიძინა. ორივე ტრანსფერი წარუმატებელი აღმოჩნდა და 2005 წელს მადრიდელებმა "სევილიადან" სერხიო რამოსი 30 მლნ. ევროდ შეიძინეს.

"რეალის" დღევანდელი კაპიტანი თავიდან მარჯვენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა, რამდენიმე მწვრთნელი კი აღნიშნავდა, რომ მას ცენტრალური მცველობაც იდეალურად შეეძლო. 2006 წლის იანვრის მიწურულს პერესი ცუდი შედეგების გამო თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ რამოსი დარჩა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად იქცა.

მადრიდელებმა 2006 წლიდან 2009 წლამდე ოთხი ცენტრალური მცველი გადაიბირეს: ფაბიო კანავარო (7 მლნ. ევრო), გაბრიელ ჰაინცე (12 მლნ. ევრო), ეზეკილ გარაი (10 მლნ. ევრო) და პეპე (30 მლნ. ევრო), რადგან რამოსი ძირითად ცენტრალურ მცველად არ მიიჩნეოდა.

ფლორენტინოს "რეალში" დაბრუნების შემდეგ, გუნდმა რაულ ალბიოლი (15 მლნ. ევრო) და რიკარდუ კარვალიუ (8 მლნ. ევრო) შეიძინა, 2011 წელს კი "სამეფო კლუბმა" მიზანში მოარტყა და რაფაელ ვარანი 10 მლნ. ევროდ გადაიბირა.

რამოსი-პეპე-ვარანის ცენტრალური დაცვის ტრიო იმდენად წარმატებული იყო, რომ "რეალმა" 2011-2019 წლებში მხოლოდ ერთი ცენტრბექი გადაიბირა - ხესუს ვალიეხო 5 მლნ. ევროდ. "რეალს" გუნდში კანტერანო ნაჩო ფერნანდესის სახით შესანიშნავი მცველი ჰყავდა და 2019 წლის ზაფხულამდე კიდევ ერთი ცენტრალური მცველის შეძენაზე არ უფიქრია. შემდეგ კი "ბლანკოსმა" "პორტუდან" 50 მლნ. ევროდ ედერ მილიტაო შეიძინა.

თუმცა, მილიტაოს "რეალის" ძირითადში მოსახვედრად ბრძოლა კიდევ მოუწევს და რამოსის გუნდიდან შესაძლო წასვლის გამო გუნდს სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა დასჭირდება. გავრცელებული ინფორმაციებით, "სამეფო კლუბი" დავიდ ალაბას და პაუ ტორესის შეძენით დაინტერესდა, მაგრამ რამოსის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.