მილიტაო, ოდრიოსოლა, ედეგორი და იოვიჩი - ზიდანისგან მივიწყებული ფეხბურთელები

მილიტაო, ოდრიოსოლა, ედეგორი და იოვიჩი - ზიდანისგან მივიწყებული ფეხბურთელები

იმის ფონზე, რომ მადრიდის "რეალს" მჭიდრო კალენდრის გამო ბევრი მატჩის ჩატარება მოუწევს, ზინედინ ზიდანი დიდი ალბათობით როტაციებს მიმართავს, მაგრამ არის ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო სათამაშო დროს ვერ მიიღებენ...

საუბარია ედერ მილიტაოზე (50 მლნ. ევრო), ალვარო ოდრიოსოლაზე (35 მლნ. ევრო), მარტინ ედეგორზე (2,8 მლნ. ევრო) და ლუკა იოვიჩზე (60 მლნ. ევრო). მთლიანობაში თითქმის 150 მლნ. ევრო, რომელთაც ფრანგი სპეციალისტი არ იყენებს.

სიტუაცია უფრო საგანგაშოა, თუ მათ ასაკს გავითვალისწინებთ. არცერთი მათგანი 25 წელს ზემოთ არ არის, ხოლო ამ ოთხეულის საშუალო ასაკი 23 წელია. ისინი კლუბის მომავალს წარმოადგენენ, მაგრამ თავის გამოსაჩენად სათამაშო დრო სჭირდებათ, რაც არ აქვთ.

მილიტაო კლუბში რამოსის და ვარანის შემცვლელად მივიდა, ახლა კი მეოთხე ცენტრალური მცველია. რამოსის ან ვარანის არყოფნაში, ზიდანი უპირატესობას ნაჩოს ანიჭებს. ბრაზილიელმა წლევანდელ სეზონში მინდორზე მხოლოდ 224 წუთი გაატარა.

ოდრიოსოლა კლუბში ნელ-ნელა ავიწყდებათ. ზიზუ მას არ იყენებდა მაშინაც კი, როცა კარვახალი ტრავმირებული იყო. ზიდანი უპირატესობას ლუკას ვასკესს ანიჭებს და არა ბასკ განაპირა მცველს. გასულ წელს ის იჯარით "ბაიერნში" გადაბარგდა და თავი არაფრით გამოუჩენია.

მარტინ ედეგორის ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნება ზინედინ ზიდანის სურვილი იყო, მაგრამ ნათელია, რომ ბოლო დროს მათ შორის რაღაც ხდება. გასული წლის 1 დეკემბერს ნორვეგიელი "შახტართან" მატჩში სასტარტოში იყო და მას შემდეგ მინდორზე მხოლოდ ხუთი წუთი გაატარა.

იოვიჩმა "აინტრახტიდან" "რეალში" გადაბარგების შემდეგ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და როგორც ჩანს, მას კონკურენციაში მარიანოც კი აღემატება. "სამეფო კლუბი" ამ ზამთარს სერბის იჯარით გაშვებას გეგმავს, მაგრამ მისი მაღალი ხელფასიდან გამომდინარე, ეს რთულად მოჩანს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.