ზინედინ ზიდანის 10 ყველაზე კრიზისული მომენტი

ზინედინ ზიდანის 10 ყველაზე კრიზისული მომენტი

ახლა, როცა სერხიო რამოსს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვა შეუძლია, მადრიდის "რეალს" ახალი კრიზისი აქვს. ზინედინ ზიდანისთვის ამაში ახალი არაფერია. მას 2019 წლის მარტში "სამეფო კლუბში" დაბრუნების შემდეგ რამდენიმე კრიზისული სიტუაცია უკვე ჰქონდა...

განადგურებული გუნდი

ზიდანი 2019 წელს "რეალში" დაბრუნდა და პირველ რიგში მას ყველაფრის გადაწყობა მოუწია. პირველი თვეები რთული იყო და ცუდი შედეგები მოჰყვა, მაგრამ ზიდანმა კვლავ შეძლო ფეხბურთელები დაერწმუნებინა იმაში, რომ ძველებურად თამაში შეეძლოთ.

2019 წლის პრესეზონი

ზიდანისთვის 2019/20 წლების სეზონისთვის მზადება გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა. გუნდს შედეგების მსგავსად, თამაშის სტილიც ცუდი ჰქონდა. ამას გარეტ ბეილის საგაც დაერთო. ფრანგ სპეციალისტს მისი გუნდიდან გაშვება სურდა. სიტუაცია "ატლეტიკოსთან" (3:7) საშინელი მარცხის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა, ხოლო მარკო ასენსიომ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. მაშინ ზიდანმა თქვა: "ჩვენ კარგ სეზონს ჩავატარებთ". მას არავინ დაუჯერა, მაგრამ მადრიდელებმა ლა ლიგის პირველივე ტურში სტუმრად "სელტა" დაამარცხეს.

ყველაფერი ან არაფერი სტამბულში

ზიდანს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი შეგირდები სტუმრად "მალიორკასთან" დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი ქულიდან მხოლოდ ერთი მოიპოვეს. 22 ოქტომბერს " გალათასარაისთან" მატჩში სასწორზე ყველაფერი იდო და მადრიდელებმა ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში 1:0 იმარჯვეს.

პრობლემები აზართან

ზიდანი ედენს ყოველთვის მხარს უჭერდა, მაგრამ მას დღემდე არაფერი გამოსდის. 30 წლის ბელგიელმა მასზე გაცემული ავანსები ისევ ვერ გაამართლა. ახლა, როცა აზარი კვლავ ჯანმრთელია, 2021 წლის საწყისი პერიოდი ბევრ რამეს დაგვანახებს.

ფიასკო თებერვალში

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებმა გასული წლის იანვარში ესპანეთის სუპერთასი მოიგეს, მათ იღბალმა ზურგი ისევ აქცია. "რეალი" სამეფო თასზე "რეალ სოსიედადთან" დამარცხდა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "მანჩესტერ სიტისთან". ამის შემდეგ, გუნდს ლა ლიგაშიც ცუდი სერია ჰქონდა. გუნდი "ლევანტესთან" და "ბეტისთან" დამარცხდა, რამაც ზიდანის მომავალი კვლავ ეჭვქვეშ დააყენა.

გამარჯვებით დაბრუნება იზოლაციიდან

გასული წლის ივნისში კორონავირუსის გამო შექმნილი იზოლაციის შემდეგ ფეხბურთი კვლავ დაგვიბრუნდა და "რეალი" ნამდვილ მანქანად გადაიქცა, რომელმაც "ბარსელონას" ლა ლიგის ტიტული წაართვა.

2020/21 წლის სეზონის უღიმღამო დასაწყისი

გუნდმა წინა სეზონის მსგავსად, წლევანდელიც უღიმღამოდ დაიწყო. ზიდანმა სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა, მადრიდელები კი სტუმრად "რეალ სოსიედადს" (0:0) დაუზავდნენ.

გარდამტეხი მატჩი "ნოუ კამპზე"

"კადისთან" და "შახტართან" მარცხის შემდეგ, მესამე წაგება კატასტროფა იქნებოდა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს "ბარსელონასთან" მოხდებოდა. თუმცა, გუნდმა სტუმრად 3:1 იმარჯვა და ამით გააქარწყლა ხმები, რომლის თანახმადაც ზიდანი მაურისიო პოჩეტინოს უნდა ჩაენაცვლებინა.

ღამე კიევში

უკრაინაში მტკივნეული მარცხის შემდეგ, ზიდანზე ზეწოლა ისევ გაიზარდა. იმის ფონზე, რომ "რეალს" წინ "სევილიასთან", "ატლეტიკოსთან" და გლადბახის "ბორუსიასთან" მატჩები ელოდა, ზიზუს მომავალი უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, მადრიდელებმა სამივე მატჩი მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავიდნენ.

კონტრაქტების გახანგრძლივება

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ბოლო თვეებია კარგ ფორმაშია, ზიდანმა იცოდა, რომ კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხს სიტუაციის გაფუჭება შეეძლო. მან ამაზე "სელტასთან" მატჩის წინ ისაუბრა. რადგანაც რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თემა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ფრანგ მწვრთნელს უახლოეს მატჩებში გასახდელის სრული კონტროლი ევალება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.