ბენიტესის გადაუჭრელი პრობლემა: ბეილი, ბენზემა თუ ისკო?

ბენიტესის გადაუჭრელი პრობლემა: ბეილი, ბენზემა თუ ისკო?

რაფას ტაქტიკის განხილვა...

რაფა ბენიტესის მთავარი ტაქტიკური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ გარეთ ბეილი ფორვარდის უკან ითამაშებს, ხოლო ქარიმ ბენზემა ფორვარდად, ისკო შემადგენლობის მიღმა რჩება - ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად საუკეთესო ფორმაშია და უფრო კრეატიულია. 4-2-3-1 სქემას, რომლის დროსაც უელსელი ფრანგი ფორვარდის უკან თამაშობს, იქამდე მივყავართ, რომ ბეილი პასებს უფრო არიგებს, ვიდრე კარში ურტყამს (არცერთი გატანილი გოლი მოსამზადებელი ეტაპის 4 მატჩში). ამავდროულად, ისკოს გარეშე გუნდი ბურთის დაჭერას და საინტერესო შეტევის შექმნას ვერ ახერხებს. ალარკონი "სამეფო კლუბს" ბურთის მეტ კონტროლს აძლევს, ბურთს გაბედულად ათამაშებს, შეტევაში გააზრებულად მოქმედებს და კრიშტიანუ რონალდუს შეტევებში დროულად ჩართვა არ ავიწყდება. მიუხედავად ამისა, როცა სასტარტოში ხამესი ჩნდება, ასეთ ფორმაში მყოფი ისკოსთვის ადგილი მაინც არ რჩება. ბენიტესის დილემა ფაქტიურად გადაუჭრელია.

ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ასეთია: ისკო ფლეიმეიქერად, ბეილი მარცხენა ფლანგზე, ხამესი მარჯვვენაზე, კრიშტიანუ კი ცენტრფორვარდად. ასეთ შემთხვევაში ბენზემა თადარიგში დარჩება. ამით პრობლემა გადაიჭრებოდა. თან იმის გათვალისწინებით, რომ ბენიტესს ლა ლიგაში ბეილის სრული პოტენციალის გახსნა მოუწევს, ალარკონი კი თავისი საფეხბურთო თვისებებით ბენზემას ნამდვილად აღემატება.

გასახდელთან ურთიერთობა

მოსამზადებელ ეტაპზე გამართულ ტურნეში რაფას კიდევ ერთი საკმაოდ რთული ამოცანა უნდა გადაეჭრა. "რეალის" გასახდელში პატივისცემა უნდა მოეპოვებინა. მადრიდული გრანდის ფაქტიურად ყველა ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის წასვლის წინააღმდეგი იყო. დასაწყისში ბენიტესმა რამდენიმე არასწორი ნაბიჯი გადადგა, როცა კრიშტიანუსა და გუნდში მის როლზე არაადეკვატური განცხადებები გააკეთა. საბოლოოდ კი გუნდი და მწვრთნელი შეთანხმებამდე მივიდნენ. რაფა ის მწვრთნელი გამოდგა, რომელიც დიალოგისთვის გახსნილი გამოდგა და ახლა უკვე გუნდის გასახდელში ავტორიტეტი აქვს.

შვიდი გოლი

გასულ ზაფხულს ჩატარებულ მოსამზადებელ ეტაპზე "რეალმა" კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით 4 ამხანაგურ მატჩში 3 გოლი გაიტანა: "ინტერთან" (1:1), "რომასთან" (0:1), "ემიუსთან" (1:3) და "ფიორენტინასთან" (1:2). ამ 3 გოლიდან 2 ბეილმა გაიტანა, 1 კი კრიშტიანუმ. წლევანდელ მოსამზადებელ ეტაპზე "რეალმა" 7 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანა 7-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა მოახერხა: კრიშტიანუმ, პეპემ, ვარანმა, ხამესმა, ხესემ, ჩერიშევმა და ბენზემამ. თუმცა, ძირითად დროში ორმა ნულოვანმა ფრემ ("მილანთან" და "რომასთან"), რომელთაგან ერთ-ერთში გუნდი პენალტებში დამარცხდა, ბენიტესისთვის ცუდად იმოქმედა. "მანჩესტერ სიტისა" და "ინტერთან" საგოლე ფეერიამ კი ესპანელი სპეციალისტი იმაში დაარწმუნა, რომ დაცვაზე ჩაციკლვა არ ღირს. რა თქმა უნდა, რაფას სურვილია "სამეფო კლუბს" ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავდეს, მაგრამ ამავდროულად შეტევას არ ავნოს.

მხოლოდ 1 გაშვებული გოლი

გასული ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე "ბლანკოსმა" 6 გოლი გაუშვა, ამ ზაფხულს კი ჯერჯერობით მხოლოდ 1 და ისიც უსამართლოდ დანიშნული პენალტის გამო. ბენიტესმა გუნდს მკაფიო მითითება მისცა: "თავდადება დაცვაში". ფეხბურთელები თავს ერთად იცავენ. კუთხურისა თუ ჯარიმის დროს თავიანთ პოზიციას იკავებენ. ის ფეხბურთელები, რომლებიც ამისათვის მზად არ არიან, საეჭვოა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდნენ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.