"რეალი", "ბარსელონა" და მაღალი კლასის შეტევის მნიშვნელობა

"რეალი", "ბარსელონა" და მაღალი კლასის შეტევის მნიშვნელობა

გაზეთ AS-ის მთავარი რედაქტორის, ალფრედო რელანიოს მოსაზრება...

"ცოტა ხნის წინ, "ბარსელონას" "რომასთან" გამართულ შეხვედრაში მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიო დაუბრუნდა და თავისი გულშემატკივრების თვალწინ გამპერის თასზე ლამაზი გამარჯვება მოიპოვა. ამ მომენტამდე "ბლაუგრანა" მოსამზადებელ ეტაპს საკმაოდ ცუდად ატარებდა, მაგრამ აქ დიდ როლს ის თამაშობდა, რომ რომაელებთან მატჩამდე ცნობილი ტრიოდან კატალონიელთა თავდასხმაში მხოლოდ სუარესი ირჯებოდა".

"ამავდროულად, "რეალმა" მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი წააგო. ეს "ალიანც არენაზე" მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩში მოხდა. "სამეფო კლუბის" რიგებში არც კრიშტიანუ რონალდუ იყო, არც ქარიმ ბენზემა და არც გარეთ ბეილი. ამ უკანასკნელმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ფორვარდის ფუნქციებს ხესე როდრიგესი ასრულებდა, რომელმაც "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ კარგად დასვენება ვერ მოასწრო. ამის გამო, გუნდის შეტევები საკმაოდ სუსტი იყო. მოედანზე მხოლოდ ხესეს აჩრდილს ვხედავდით. შედეგად, "რეალმა" ვერანაირი მომენტი ვერ შექმნა, თავის საჯარიმოში იყო გამაგრებული და საბოლოოდ, დამარცხდა კიდეც".

"ფეხბურთს ფეხბურთელები ქმნიან და უპირველეს ყოვლისა - შემტევები. როცა მაღალი დონის თავდამსხმელები არ გყავს, მწვრთნელი თავისი ტაქტიკითა და "ფიზიკით" ვერაფერს გააწყობს. ტალანტი - აი, რა წყვეტს ძალიან ბევრს მატჩში. სინამდვილეში, ნიჭიერებად შეგვიძლია ის ფორვარდები ჩავთვალოთ, რომლებიც არამარტო წინ დარბიან, არამედ უკანაც ჩადიან და მეტოქეზე პრესინგს ანხორციელებენ. "რეალს" მიუნხენში თავდასხმის ხაზში მაღალი კლასის შემსრულებლები აკლდა და შედეგად, "ბაიერნი" მათზე ზეწოლას ანხორციელებდა. შეხვედრის ბოლო წუთები მიმდინარეობდა, როცა შესაფერისი ფრაზა გამახსენდა: "საუკეთესო დაცვა თავდასხმაა". მოედანზე BBC-ს ტრიო ან თუნდაც კრიშტიანუ რონალდუ რომ ყოფილიყო, "რეკორდმაისტერი" შეტევაში ასე გაბედულად ვერ გაიქცეოდა. მიუნხენელები უბრალოდ ვერ გაბედავდნენ".


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.