MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ფლორენტინო პერესის 18 წარუმატებელი ტრანსფერი

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი თარიღი: 29-08-2015, 01:12
ფლორენტინო პერესის 18 წარუმატებელი ტრანსფერი

მას შემდეგ, რაც ასიერ ილიარამენდიმ მადრიდის "რეალი" დატოვა და "რეალ სოსიედადს" დაუბრუნდა, ცნობილი გახდა, რომ ის ფლორენტინო პერესის წარუმატებელ ტრანსფერთა სიას შეემატა...

63 ფეხბურთელიდან, რომელიც "რეალმა" ფლორენტინო პერესის ეპოქაში შეიძინა და 1 მლრდ. ევროზე მეტი დაუჯდა, 18 მათგანმა "სამეფო კლუბში" ფეხი ვერ მოიკიდა, ანუ ტრანსფერების 28%-მა ვერ გაამართლა. ფეხბურთელები, რომლებმაც მადრიდულ გრანდში გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს: ფლავიო კონსეისაო, პედრო მუნიტისი, ვალტერ სამუელი, ჯონათან ვუდგეიტი, მაიკლ ოუენი, ტომას გრავესენი, სისინიო, კარლოს დიოგო, ანტონიო კასანო, პაბლო გარსია, რიკარდო კაკა, პედრო ლეონი, სერხიო კანალესი, ნური შაჰინი, ჰამით ალტინტოპი, მაიკლ ესიენი და ასიერ ილიარამენდი.

ფლორენტინომ პირველი სატრანსფერო შეცდომები პირველი პრეზიდენტობისას დაუშვა. ფლავიო კონსეისაო და პედრო მუნიტისი კლუბმა 25 და 13 მლნ. ევროდ შეიძინა. მოგვიანებით, ეს ფეხბურთელები ბევრად ნაკლებ თანხად გაყიდეს.

მორიგი წარუმატებელი ტრანსფერები 2004/05 წლების სეზონში შედგა. მაშინ "რეალმა" ვალტერ სამუელი (25 მილიონი), ჯონათან ვუდგეიტი (20 მილიონი) და მაიკლ ოუენი (12 მილიონი) შეიძინა. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მოედნის ცენტრის გაძლიერების მიზნით "ბლანკოსმა" ტომას გრავესენი 3,4 მლნ. ევროდ გადაიბირა. უნდა ითქვას, რომ ის სატრანსფერო კამპანია სრული კრახით დასრულდა. ზემოთ ნახსენები ფეხბურთელებიდან ვერცერთმა ვერ გაამართლა. ვუდგეიტმა ორი სეზონის განმავლობაში მუდმივი ტრავმების გამო მოედანზე მხოლოდ 893 წუთი გაატარა და შედეგად, კლუბის ხელმძღვანელობამ ინგლისელი მცველი "მიდლსბროს" 9,6 მლნ. ევროდ მიჰყიდა. სამუელმა, რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუ" მუდმივად უსტვენდა, კლუბი ბევრად ნაკლები თანხის სანაცვლოდ დატოვა. "ინტერმა" მის სანაცვლოდ 18 მლნ. ევრო გადაიხადა. მაიკლ ოუენი, რომელმაც 2001 წელს "ოქროს ბურთი" მოიგო, "რეალში" ვარსკვლავი ვერ გახდა. მიუხედავად ამისა, მან მადრიდულ გრანდში ჩატარებულ 45 მატჩში 17 გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც ხელმძღვანელობამ ის "ნიუკასლში" სარფიან თანხად გაუშვა.

სატრანსფერო კამპანიის მხრივ წარმატებული არც 2005/06 წლების სეზონი იყო. სისინიომ (8 მილიონი), კარლოს დიოგომ (6 მილიონი), პაბლო გარსიამ (4,5 მილიონი) და ანტონიო კასანომ (5,5 მილიონი) მათზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს. თუმცა, "რომამ" სისინიოს სანაცვლოდ იმაზე დიდი თანხა გადაიხადა, ვიდრე ის "რეალს" დაუჯდა. დიოგო, რომელიც არც მწვრთნელებს და არც ფანებს ეხატებოდათ გულზე, "სარაგოსაში" დაბალ თანხად გადაბარგდა. "ოსასუნადან" შეძენილმა პაბლო გარსიამ სამწვრთნელო შტაბს თავისი შესაძლებლობები ვერ დაუმტკიცა, რის გამოც არენდით "სელტასა" და "მურსიაში" იასპარეზა, ბოლოს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით ბერძნულ "პაოკში" გადაბარგდა.

აღნიშნულმა ტრანსფერებმა ის გამოიწვია, რომ 2006 წლის თებერვალში ფლორენტინო პერესს პრეზიდენტის პოსტის დატოვება მოუწია. ამის შემდეგ, პერესი საპრეზიდენტო სავარძელს 2009/10 წლების სეზონში დაუბრუნდა და პირველივე სატრანსფერო კამპანია გრანდიოზული შენაძენებით დაიწყო. თუ კრიშტიანუ რონალდუ და ქარიმ ბენზემა გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურებად იქცნენ, დღემდე ყველას უკვირს, რამდენად მიზანმიმართული იყო რიკარდო კაკას სანაცვლოდ გადახდილი 65 მლნ. ევრო. შედეგად, ბრაზილიელი 2013 წელს "მილანს" უფასოდ დაუბრუნდა.

2011/12 წლების სეზონში, ფლორენტინომ, რომელსაც "ბარსელონას" ჰეგემონიის დამხობის სურვილი ამოძრავებდა, 73 მლნ. ევროდ 7 ტრანსფერი გაჩარხა. სამწუხაროდ, მათგან რამდენიმემ ვერ გაამართლა. პედრო ლეონი 10 მლნ. ევროდ იქნა შეძენილი და "რეალში" 580 წუთი ითამაშა, შემდეგ "ხეტაფეში" გადაბარგდა - ჯერ არენდით, შემდეგ კი ყოფილმა კლუბმა ის 6 მლნ. ევროდ გამოისყიდა. სერხიო კანალესმა, რომელიც "ბლანკოსს" 5 მლნ. ევრო დაუჯდა, მინდორზე 523 წუთი გაატარა, შემდეგ კი "ვალენსიაში" 7 მლნ. ევროდ იქნა გაყიდული. ასევე, ნური შაჰინის ტრანსფერსაც ვერ ვუწოდებთ წარმატებულს, რომლის სანაცვლოდაც 10 მლნ. ევრო გადაიხადეს და მინდორზე მხოლოდ 640 წუთი დაჰყო, შემდეგ კი არენდით "ლივერპულში" გადაბარგდა. თურქმა ნახევარმცველმა ინგლისშიც ვერ მოიკიდა ფეხი და 5 მილიონის სანაცვლოდ დორტმუნდის "ბორუსიას" დაუბრუნდა. ესიენის და ალტინტოპის ტრანსფერებიც წარუმატებელი იყო, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა "სამეფო კლუბის" ბიუჯეტს ზიანი ვერ მიაყენეს.

ამ ზაფხულს (დავიდ დე ხეას სიტუაცია კვლავ გაურკვეველია) "რეალმა" კიკო კასილია (6 მილიონი), დანილო (31 მილიონი), მატეო კოვაჩიჩი (35 მილიონი) გადაიბირა. გარდა ამისა, გუნდის რიგები კაზემირომ, დენის ჩერიშევმა, მარკო ასენსიომ და ლუკას ვასკესმა შეავსეს. თუმცა, ამ ფეხბურთელებიდან ლა ლიგის პირველ ტურში "ელ-მოლინონზე" გამართულ შეხვედრაში სასტარტოში მხოლოდ დანილო გამოჩნდა. ასენსიო უკვე არენდით გაუშვეს. სავარაუდოდ, მის კვალს დენის ჩერიშევი და ლუკას ვასკესიც გაჰყვებიან, რომლებიც "სპორტინგთან" მატჩის განაცხადშიც კი ვერ მოხვდნენ.

ტოპ-მენეჯერი - 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის პერესი მსოფლიოს საუკეთესო პრეზიდენტი

საუბარია ადამიანზე, რომელმაც უკანასკნელ შვიდ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, მაგრამ მაინც პლანეტის ყველაზე ძლიერი მმართველია......

კრიშტიანუ რონალდუ – "რეალის" საუკეთესო შენაძენი ბოლო 20 წელიწადში

მადრიდის "რეალი" ახალი ფეხბურთელების შესაძენად ყოველწლიურად დიდ თანხებს ხარჯავს და ისტორიაში ყველაზე ხმაურიან ტრანსფერებს ანხორცილებს......

"ლივერპული" ჩერიშევის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის

ინგლისური კლუბი მზადაა რუს ნახევარმცველში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს......

"რეალმა" "პორტუს" კაზემიროს სანაცვლოდ 7,5 მლნ. ევრო გადაუხადა

ცნობილი გახდა კაზემიროს "პორტუდან" "რეალში" გადაბარგების ფინანსური დეტალები......

"რეალმა" "ემიუს" დე ხეას სანაცვლოდ 20 მლნ. ევრო შესთავაზა

მადრიდის "რეალმა" დავიდ დე ხეას ტრანსფერის თაობაზე "ემიუს" პირველი წინადადებით მიმართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.