MADRIDISTA.GE

Real Madrid News

პერესი: ""ემიუს" ხელმძღვანელობას სატრანსფერო საქმეებში გამოცდილება არ აქვს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 4-09-2015, 15:49
პერესი: ""ემიუს" ხელმძღვანელობას სატრანსფერო საქმეებში გამოცდილება არ აქვს"

ფლორენტინო პერესის ვრცელი ინტერვიუ...

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ, ფლორენტინო პერესმა Cadena SER-ს ინტერვიუ მისცა. მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა დავიდ დე ხეას ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა. ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხსაც შეეხო.

დე ხეას ტრანსფერზე

"ყველაფერი მზად იყო. დე ხეას ტრანსფერზე სულ რაღაც 30 წუთში შევთანხმდით. მანამდე "მანჩესტერ იუნაიტედმა" მკაფიოდ აღნიშნა, რომ დავიდის გაყიდვას არ აპირებდა. ორშაბათს, 13:30 წუთზე "ემიუს" ყველა საჭირო დოკუმენტი გავუგზავნეთ, მაგრამ ინგლისელებმა პასუხის გაცემას 8 საათი მოანდომეს. დედლაინამდე მხოლოდ ორი საათით ადრე ჟორჟე მენდეშმა გვამცნო, რომ ისინი მოლაპარაკებების გასანახლებლად მზად არიან. ტრანსფერისთვის საბოლოო დოკუმენტები "ფიფას" 00:02 წუთზე გადაეცა. გვაქვს საბუთები, რომლებიც ამას ადასტურებენ და ამას "ფიფაც" დაადასტურებს".

"ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. არავის დადანაშაულება არ მსურს, მაგრამ არ გვესმის, რატომ დააბრუნა "მანჩესტერ იუნაიტედმა" დოკუმენტები 8 საათის დაგვიანებით. მათთან მოლაპარაკებებს ორშაბათამდე არ ვაწარმოებდით, რადგან გვითხრეს, რომ დავიდი არ იყიდება".

"ვიგრძენი, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ასეთ საკითხებში გამოცდილება არ აქვს. რამდენიმე წლის წინ მათ ზუსტად იგივე ისტორია გადახდათ თავს, როცა ჩვენგან ფაბიუ კოენტრაუს და "ატლეტიკიდან" ანდერ ერერას შეძენა სურდათ".

"ერთი წლის წინ ვთქვით, რომ იკერ კასილასის იდეალურ შემცვლელად დავიდ დე ხეას მივიჩნევდით. მოგვიანებით გუნდში კეილორ ნავასი მოვიდა, რომლითაც ძალიან კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება ცოტა ხნის წინანდელ მოვლენებს, დავიდი ამ ტრანსფერით ძალიან ბედნიერი იყო. ის "სამეფო კლუბში" გადმობარგებით გახარებული დარჩებოდა. რა ელის მას ახლა? არ ვიცი. მასთან არ მისაუბრია. ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ის ძალიან იმედგაცრუებული იყო".

"ის ადამიანები, რომლებიც კარგად მიცნობენ, იციან, რომ კონფლიქტური ადამიანი არ ვარ. ამიტომ, გარწმუნებთ, რომ ამ ისტორიას სხვა ვერსიები არ აქვს, რადგან ყველაფერი ისე მოგიყევით, როგორც იყო. მანამდე კეილორ ნავასმა ამ შეთანხმების შესახებ არაფერი იცოდა. ჩვენ მას ვენდობით. ამ ტრანსფერით ყველა მოგებული დარჩებოდა".

""იუნაიტედმა" მხოლოდ ორშაბათს გვამცნო, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად იყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, რადგან დავიდის ნდობას ვერ ვუღალატებდით. დღის მეორე ნახევარში გავიფიქრე, რომ ტრანსფერი შესაძლოა ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობის გამოუცდელობის გამო ჩაშლილიყო".

"მთელი დღის განმავლობაში, დავიდ დე ხეა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი იყო. ის თავისი პრეზენტაციისთვის ემზადებოდა, რომელიც მომდევნო დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა. საქმე მხოლოდ ფულში იყო. ჩვენ დე ხეას ტრანსფერისთვის უნდა გადაგვეხადა, "ემიუს" კი ნავასის. ამ დოკუმენტების დასამტკიცებლად ჩვენს ინგლისელ კოლეგებს 8 საათი დასჭირდათ. ამ გუნდთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ყველაფერს ისე ვამბობ, როგორც იყო".

"რაფა ბენიტესმა მომხდარზე არაფერი იცოდა, რადგან 31 აგვისტომდე გუნდის გაძლიერებაზე არ ვფიქრობდით. ჩვენს განკარგულებაში საბრძოლო შემადგენლობა იყო".


იკერ კასილასის წასვლაზე

"იკერის წასვლა გულშემატკივრებისთვის სამაგალითო უნდა გახდეს. ფანებმა თავიანთ ფეხბურთელებს არ უნდა დაუსტვინონ. "სანტიაგო ბერნაბეუზე" თავიანთ კუმირებს არავინ უნდა დაუსტვინოს. ეს საკუთარი თავის მიმართ პროტესტის გამოხატვას ნიშნავს. კასილასს მხოლოდ აგრესიულად განწყობილი ადამიანები უსტვენდნენ. ისინი "ბერნაბეუზე" თამაშებს ვეღარ დაესწრებიან".

"იკერს მუდამ ვეხმარებოდი. მან წასვლა ისურვა და ამაში ჩვენი დახმარება დაიმსახურა, რადგან ჩვენი კლუბისთვის ბევრი რამ გაიღო. კასილასმა მითხრა, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ სჭირდება. უბრალოდ, პრესკონფერენციის გამართვა სურდა. ის, რომ ამაზე დავთანხმდით, ჩვენი შეცდომაა. ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. იკერს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. ის დაგვთანხმდა. ჟურნალისტებმა მაშინვე იფიქრეს, რომ კასილასი მე გავაგდე. ჩემთან პატარა ბიჭუნა მოვიდა და მკითხა: "რატომ გააგდეთ იკერ კასილასი?"... ამან გული გამიტეხა. ეს ისტორია სიცრუეა და შეგიძლიათ ამის შესახებ თავად იკერს ჰკითხოთ".


იკერთან დე ხეას შესახებ საუბარზე

"კასილასთან მას შემდეგ არ მისაუბრია, რაც გუნდიდან წავიდა, მაგრამ დე ხეას თაობაზე დიდი ხნის წინ ვისაუბრეთ და იკერს დავიდზე ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა".

სანტიაგო ბერნაბეუს თასზე "პორტუსთან" არშემდგარ მატჩზე

"ეს მატჩი მომდევნო წელს გაიმართება. "პორტუ" ჩვენს სტადიონს ეწვევა, რათა იკერ კასილასს გამოსათხოვარი მატჩი მოვუწყოთ".

იმის შესახებ, თუ როგორ დაემშვიდობა "ბარსელონა" ჩავის, "ლივერპული" ჯერარდს, "რეალი" კი იკერ კასილასს...

"ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც იკერმა ითხოვა, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ მისთვის არ უნდა მოგვესმინა. მასთან დამშვიდობების ისტორია ულამაზო გამოდგა. მომდევნო დღეს ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც საჭირო იყო. მართალი არ ვიყავი, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კასილასის წასვლის ინიციატორი ვიყავი, მცდარია. "პორტუში" გადაბარგებით იკერმა ზეწოლა მოიხსნა. მას მშვიდად სუნთქვა შეუძლია".

კეილორ ნავასთან მობოდიშებაზე

"ერთი საათის განმავლობაში ნამდვილად ვსაუბრობდით, მაგრამ ინფორმაცია მობოდიშების თაობაზე სიცრუეა. ასევე, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნავასმა ხელფასის გაზრდა მოგვთხოვა. ჩვენს შორის საუბარი იმიტომ შედგა, რომ ფეხბურთელს რთული სიტუაციის გამოვლა მოუწია. კეილორი პროფესიონალია და ყველაფერს ჩინებულად აცნობიერებს".

ზეწოლაზე

"ზოგიერთ გაზეთში დაიწერა, რომ ჩვენ ავსტრალიაში მოსამზადებელი ეტაპი იმიტომ გავიარეთ, რომ ის ბიზნეს-პროექტები მაქვს. ეს აბსოლუტური სიცრუეა! ასევე ითქვა, რომ ხამესი კოლუმბიაში ჩემი ბიზნესის განსავითარებლად გადავიბირე. ხამესი ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელიც მისი სათამაშო თვისებების გამო შევიძინეთ".

"ვიცი, რომ ბევრ ადამიანს მადრიდის "რეალის" რეპუტაციის შელახვა სურს. ჩვენი გუნდის დირექტორთა საბჭო ერთიანი უნდა იყოს, რადგან ჩვენი დაშლა სურთ. ზოგიერთი ექსპერტი და ჟურნალისტი იმ მიზნით ცხოვრობს, რომ "სამეფო კლუბს" რეპუტაცია გაუფუჭოს. მაგალითად, "ბეტისი" 5:0 დავამარცხეთ, მაგრამ ყველამ მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ გოლის გატანა ვერ მოახერხა. ის ნერვიულობს".

"ბარსელონაშიც კი უკვირთ, თუ რატომ ანხორციელებს მადრიდული პრესა ასეთ ზეწოლას "რეალზე". კლუბზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული და ფასეულია. ვერავინ აცნობიერებს, თუ რატომ ექცევა ასე ცუდად დედაქალაქური პრესა თავისივე გუნდს. საკმარია გავიხსენოთ ბეილის თიაქართან და ხამესის ტრანსფერთან დაკავშირებული ისტორიები. ზოგჯერ მეშინია, რომ პოტენციური ახალწვეული "რეალში" გადმობარგებაზე პრესის მხრიდან ზეწოლის გამო უარს იტყვის".


ანჩელოტიზე

"მასთან მას შემდეგ არ მისაუბრია, რაც გუნდი დატოვა. მეგონა ის კანადაში საცხოვრებლად დარჩებოდა. მადრიდის "რეალის" მაშინდელი პროექტი გაქრა. ახლა კარგი პერიოდი გვაქვს. შესანიშნავი გუნდი გვყავს. სიმართლე გითხრათ, მთავარ მწვრთნელად ანჩელოტის დატოვება ჩემთვის ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ გუნდს ახალი იმპულსი სჭირდებოდა".

სერხიო რამოსზე

"სერხიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების ისტორია დასრულდა. აქ სალაპარაკო არაფერია. ჭორები ყოველ ზაფხულს ჩნდება და ეს შემდეგშიც გაგრძელდება. ზოგიერთი ამ სიტუაციის აბსურდამდე დაყვანას ცდილობდა, როცა რამოსის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებაზე საუბრობდნენ. იმის გჯერათ, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შიშის გამო ვიღებ? ეს ასე არ არის".

რაფაელ ბენიტესზე

"ბენიტესი "რეალისთვის" საუკეთესო მწვრთნელია. მან კლუბისა და მადრიდიზმის ფასეულობები იცის. 2009 წელს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, მსურდა გუნდი რაფასთვის ჩამებარებინა, მაგრამ მას "ლივერპულთან" კონტრაქტი გახანგრძლივებული ჰქონდა. ამ ზაფხულს მისი მწვრთნელად დანიშვნის შანსი კვლავ მოგვეცა. ბენიტესი ესპანელი და "რეალის" გულშემატკივარია, კლუბი კი მისი სახლია. მის ფარგლებს გარეთ, რაფა გამარჯვებებს აღწევდა და ტიტულებს იგებდა".

ბეილი სასტარტო შემადგენლობაში

"მე რომ მთავარ მწვრთნელს ვეუბნებოდე, თუ ვინ ითამაშოს სასტარტო შემადგენლობაში, ის კლუბიდან წასვლის შემდეგ გულშემატკივრებს ამის შესახებ მოუთხრობდა. გუნდის მწვრთნელს ვეუბნები, რომ ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ. ლიდერები სპორტში და არა ეკონომიკაში. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ, მაგრამ "უეფას" რეიტინგში პირველი ადგილი შევინარჩუნეთ. სასტარტო შემადგენლობას მხოლოდ მწვრთნელი ადგენს. ზოგიერთი ამბობს, რომ "რეალს" იმიჯს ვუფუჭებ, მაგრამ სანამ პრეზიდენტის პოსტს დავუბრუნდებოდი, მადრიდული გრანდი "უეფას" რეიტინგში მე-13 ადგილზე იყო, ახლა კი პირველზეა".

კრიშტიანუ რონალდუს სიბრაზეზე

"კრიშტიანუ გაღიზიანებულია მაშინ, როცა გოლების გატანას ვერ ახერხებს, რადგან მისი მიზანი მეტოქეთა კარის დალაშქვრაა. ის ადრინდელივით თავდაუზოგავად შრომობს და ყოველთვის, როცა "რეალს" მისი დახმარება სჭირდება, ის გუნდს მხსნელად მოევლინება".

კოვაჩიჩის 35 მლნ. ევროდ შეძენაზე

"ამ ტრანსფერით სათადარიგოთა სკამის გაძლიერება გვსურდა. ბენიტესსა და მოდრიჩს მატეოზე ძალიან მაღალი შეხედულება ჰქონდათ".

დანი სებალიოსზე

"მან ასენსიოსა და მაიორალთან ერთად 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დიდებულად იასპარეზა. ის ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ერთ დღეს შესაძლოა "რეალის" წევრი გახდეს".

თვითკრიტიკის სიმცირეზე

"როცა მართალი არ ვარ, ამას ვაღიარებ. დე ხეას არშემდგარ ტრანსფერში დამნაშავეები არ ვართ. როგორც გითხარით, იშვიათობაა, როცა სატრანსფერო ოპერაციები ბაზრის დახურვამდე 12 საათით ადრე იწყება".

ზიდანი პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად

"რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ზიდანს მწვრთნელის თვისებები აქვს".

რაულზე

"თუ რაულს ოდესმე კლუბში დაბრუნება მოუნდება, მისთვის ადგილს გამოვნახავთ. სიმართლე გითხრათ, ახლა ნამდვილად არ ვიცი, რა პოზიციაზე იქნება საუბარი: კლუბის სტრუქტურა თუ სამწვრთნელო საქმიანობა".

გარეთ ბეილზე 100 მლნ. ევროიანი შემოთავაზება

"ასეთი შემოთავაზება არ გვქონია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" მის მიმართ ინტერესს ნამდვილად იჩენდა. ასევე, ეს კლუბი რაფაელ ვარანისა და ქარიმ ბენზემას გადაბირებითაც ინტერესდებოდა".

"უეფას" სუპერთასის შემდეგ, პიკეს მიერ "რეალის" მისამართით გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე

"ნებისმიერი მწვრთნელის ან ფეხბურთელის მისამართით ცუდს არასდროს ვიტყვი. უფრო მეტიც, ჟერარ პიკე ჩემში დიდ სიმპათიას იწვევს".

ბარსელონას დამოუკიდებლობა და ახალი ჩემპიონატი "ბლაუგრანასთვის"

"დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არ მოხდება. ამიტომ, მეორეს შესახებ არ ვფიქრობ".

კანტერაზე

"ამ სეზონიდან ჩვენს კანტერას გამოცდილი ვიქტორ ფერნანდესი უხელმღვანელებს. ვფიქრობ, ის ამ თანამდებობაზე იდეალურია და აკადემიის დონეს აამაღლებს".

"რეალის" საკალათბურთო გუნდზე

"ჩემი ამოცანაა საკალათბურთო გუნდი NBA-ს მონაწილედ ვაქციო".

იმის თაობაზე, რომ ფეხბურთელთა პოზიციას პრეზიდენტი წყვეტს (კერძოდ, ბეილის ფლეიმეიქერად თამაში)

"ძველი სკოლის ადამიანი ვარ. ამიტომ მიყვარს, როცა მემარჯვენე მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, მემარცხენე კი მარცხენაზე. ამიტომ, ამ ვარაუდებში სიმართლის მარცვალი არ არის".
Yo soy Madridista 4 სექტემბერი 2015 16:00

:D mokled am de geam ra:d mesiizmreba ukve

იკერ კასილასი: "დე ხეა საუკეთესოს იმსახურებს"

სარეკლამო ღონისძიების დროს, მადრიდის "რეალის" ექს-გოლკიპერმა იკერ კასილასმა, დავიდ დე ხეას არშემდგარ ტრანსფერს კომენტარი გაუკეთა. ასევე, "სამეფო კლუბიდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა......

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური განცხადება

ტრანსფერის ჩაშლის მიზეზებზე განცხადება "წითელმა ეშმაკებმაც" გააკეთეს......

კანისარესი: "კასილია კარგი მეკარეა, მაგრამ დე ხეას დონის არ არის"

მადრიდის "რეალის" ექს–გოლკიპერის საინტერესო ინტერვიუ......

ბენიტესი: "თუ რამოსი დარჩება, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები"

რაფაელ ბენიტესის პირველი მატჩისწინა პრესკონფერენცია "რეალის" მწვრთნელის რანგში......

ვისენტე დელ ბოსკეს ღია წერილი იკერ კასილასს

იკერ კასილასის "პორტუში" გადასვლის გაოფიციალურების შემდეგ, მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ლეგენდარულ კიპერს ღია წერილი დაუწერა, რომელიც Marca-მ გამოააშკარავა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.