რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ფლორენტინო პერესი: "დე ხეას იანვარში არ შევიძენთ"

ფლორენტინო პერესი: "დე ხეას იანვარში არ შევიძენთ"

10-09-2015, 15:36
ავტორი: ZZ
ნახვა: 683
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ფლორენტინო პერესი: "დე ხეას იანვარში არ შევიძენთ"
კლუბის პრეზიდენტის მორიგი ინტერვიუ...

დე ხეას არშემდგარ ტრანსფერზე

"მადრიდის "რეალმა" ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" საპირისპიროდ მოიქცა. თავის მხრივ, დავიდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინა. ამიტომ, მისი დაღალატება არ შეგვეძლო. ეს ჩვენს შორის კომპრომისი იყო. კეილორ ნავასთან შეთანხმება მას შემდეგ მოხდა, რაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მოლაპარაკებებს დათანხმდა. ჩვენ ჩვენი საქმე 15 წუთში გავაკეთეთ, "იუნაიტედმა" ამ ყველაფერს 8 საათი მოანდომა".

"ახლა დე ხეამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის უკეთესი. არ ვიცი, რა იქნება ერთ წელიწადში, მაგრამ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე გაუჭირდება. სამი შესანიშნავი გოლკიპერი გვყავს. სხვაზე არ ვფიქრობთ. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ დე ხეას ზამთარში არ შევიძენთ".

""მანჩესტერ იუნაიტედის" განცხადება? ჩვენი კლუბის სახელი არასდროს შეგვირცხვენია. გარდა ამისა, "იუნაიტედთან" სხვადასხვა პრობლემები ყოველთვის გვექმნებოდა".


კეილორ ნავასთან საუბარზე

"ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ კეილორს გავესაუბრე, მაგრამ მისთვის ბოდიში არ მომიხდია, რადგან ამის მიზეზი არ ყოფილა. მას ავუხსენით, თუ რატომ მოხდა ასე. ახლა სამი შესანიშნავი მეკარე გვყავს: კეილორ ნავასი, კიკო კასილია და რუბენ იანიესი".

რონალდუზე

"წავა თუ არა კრიშტიანუ მომავალ ზაფხულს? ცხოვრება ამოუცნობია, მაგრამ მას მოქმედი კონტრაქტი აქვს, კლუბს კი მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს. დღეს შეუძლებელია წარმოიდგინო კრიშტიანუ რონალდუ "რეალის", "რეალი" კი კრიშტიანუ რონალდუს გარეშე. ის პლანეტის ყველაზე ცნობილი და საუკეთესო ფეხბურთელია".

"თუ "პსჟ"-ს რონალდუს შეძენა სურს, ამის გაკეთება ძალიან სწრაფად შეუძლია: მის სანაცვლოდ 1 მლრდ. ევრო გადაიხადოს. კრიშტიანუ "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლას გააგრძელებს, მალე მას ბენზემა, ბეილი და ხამესი შეუერთდებიან".


კასილასზე

"გადაწყვეტილება ჩემზე რომ ყოფილიყო, ვისურვებდი იკერს კარიერა ჩვენს კლუბში დაესრულებინა. მე ის გუნდიდან არ გამიგდია. კასილასს წასვლა სურდა, რადგან კიდევ ორი წელიწადი გულშემატკივრებისგან ასეთ მოპყრობას ვერ აიტანდა. მას კონტრაქტის გაწყვეტისთვის თანხა არ გადავუხადეთ. ვერასდროს ვხვდებოდი, თუ რატომ უსტვენდნენ ჩვენი ქომაგები ჩვენივე ფეხბურთელებს. ჩემს ყოველ ინტერვიუში იკერს ვიცავდი".

"მოურინიოს მწვრთნელობისას კასილასი მუდამ სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო. გამონაკლისი ჟოზეს ბოლო სეზონი იყო, როცა მან ფსონი ადანზე გააკეთა. იკერი მოედანს მხოლოდ ანჩელოტის მოსვლის შემდეგ დაუბრუნდა. მოვლენების ამგვარი განვითარებით შოკირებული ვიყავი, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მოურინიო კასილასსა და რონალდუს ერთნაირად ექცეოდა. ის თავისი თითოეული შეგირდის მიმართ ძალიან მომთხოვნი იყო".

"ვიცი, რომ კასილასთან და დე ხეასთან დაკავშირებულმა ისტორიებმა მადრიდის "რეალის" ავტორიტეტს ზიანი ვერ მიაყენეს. ეს ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, სანამ CNN-ს მივცემდი ინტერვიუს".


დღევანდელ "რეალზე"

"შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი მწვრთნელი და საგრძნობლად გაუმჯობესებული შემადგენლობა გვყავს".

თავისი მმართველობისას საუკეთესო მწვრთნელზე

"ჩემი მმართველობისას საუკეთესო მწვრთნელი რაფაელ ბენიტესია".

სერხიო რამოსზე

"სერხიოს უფრო მომგებიანი კონტრაქტისთვის პრესა არ გამოუყენებია. მას "რეალიდან" წასვლა არასდროს სურდა. ვიცოდით, რომ ნებისმიერი წინადადების მიუხედავად, ის ჩვენთან დარჩებოდა. ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას 5 წუთი დასჭირდა".

ბეილის გაყიდვაზე

"რატომ უნდა წავიდეს გარეთი? ის ბავშვობიდან მადრიდისტაა. არ მესმის, რატომ ამბობს ხალხი, რომ ბენზემა და ბეილი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ იმიტომ ჩნდებიან, რომ ისინი მე შევიძინე. მარსელოსა და პეპეს გარდა, მადრიდის "რეალის" დღევანდელი შემადგენლობიდან ყველა ფეხბურთელი ჩემი შეძენილია".

კლუბისთვის მეორე "ცხრიანზე"

"ბენიტესს კიდევ ერთი ცენტრფორვარდის შეძენა არ მოუთხოვია".

მოურინიოს დაბრუნებაზე

"ჟოზეს "რეალში" დაბრუნებას არ ვგეგმავ. მან საჭირო მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი მოგვცა. მის მოსვლამდე გუნდი ჩემპიონთა ლიგას მუდმივად მერვედფინალური სტადიიდან ეთიშებოდა".

პეპეზე

"ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. პეპე მე არ შემიძენია, მაგრამ მას ისე ვეპყრობი, როგორც გუნდის სხვა დანარჩენ ფეხბურთელებს".

"ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე

"ამ მატჩში ფრე გვაკმაყოფილებს, მაგრამ ამ გუნდებიდან არცერთის გვეშინია".

ჟორჟე მენდეშზე

"ის მადრიდის "რეალს" არ აკონტროლებს. ჩვენს გუნდში მისი სამი საუკეთესო კლიენტი თამაშობს: რონალდუ, ხამესი და პეპე. ეს არის და ეს".

პრესაზე

"პრესას შეუძლია მოვლენების განვითარებაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს. ეჭვი არ მეპარება, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი გუნდზე მუდმივად ნეგატიურად საუბრობს, რათა მას სახელი გაუტეხოს. ის, ვინც ჩემთვის სახელის გატეხვას ცდილობს, იგივეს გაკეთება "რეალისთვისაც" სურს". (შემდეგ პერესმა აღნიშნული რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი მანოლო ლამა მის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში დაადანაშაულა)

ესპანეთი-ინგლისის ამხანაგურ მატჩზე

"ჩვენ ამ შეხვედრის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარება არ მოგვითხოვია, მაგრამ არც წინააღმდეგობა გაგვიწევია. ამას ჟერარ პიკეს სიტუაციასთან კავშირი არ აქვს".

პიკეს მისამართით სტვენაზე

"შეცდომას ყოველი ჩვენგანი უშვებს, მაგრამ საკუთარი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მისამართით სტვენა გაუმართლებელია. ჟერარი ნაკრები ყოველთვის ბოლომდე იხარჯება".

საპრეზიდენტო არჩევნებზე

"ადრე თუ გვიან პრეზიდენტის პოსტს დავემშვიდობები. მთელი ცხოვრების ამ პოსტზე გატარებას არ ვაპირებ".

საკუთარ თავზე

"როცა მადრიდის "რეალი" დავტოვე, კლუბმა დასახულ გზას გადაუხვია. გუნდის სტრუქტურაში "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა დაიწყეს მუშაობა. მე უნდა დავბრუნებულიყავი. როცა წავედი, კლუბი ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგას მუდამ მერვედფინალიდან ეთიშებოდა, "უეფას" რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგა და მე-13 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა კვლავ პირველები ვართ. Forbes -ის რეიტინგსაც ვლიდერობთ".

"მადრიდის "რეალს" მაშინ დავუბრუნდი, როცა კლუბში პრობლემები იყო: არ იყო ფული, სტაბილურობა და მმართველობა. ჩემი ბრალი არ არის, რომ სხვა კანდიდატებმა საპრეზიდენტო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, კანდიდატურები მოხსნეს და არჩევნები მე მოვიგე".


"ბარსელონას" ტიტულების რაოდენობაზე

"უსარგებლო თასები რომ არ დაგეთვალათ, იმას ვერ განიხილავდით, რომ "ბარსელონას" მეტი ტიტული აქვს. გარდა ამისა, "რეალი" არაკონკურენტუნარიან ტურნირებზე არ მონაწილეობს. განვლილ სეზონში "ბარსელონა" ფანტასტიურ დონეზე იმყოფებოდა, მაგრამ რა მოიგეს ერთი სეზონით ადრე?".

თავისი ინტერვიუს დროს პერესმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დე ხეას ტრანსფერის თაობაზე დოკუმენტები ესპანეთის დროით 00:00 საათზე გაგზავნა.

ფლორენტინო პერესი: "დე ხეას იანვარში არ შევიძენთ"
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.