რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » რაფა ბენიტესი: "ეს საუკეთესო შემადგენლობაა, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია"

რაფა ბენიტესი: "ეს საუკეთესო შემადგენლობაა, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია"

7-10-2015, 17:09
ავტორი: ZZ
ნახვა: 1259
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
რაფა ბენიტესი: "ეს საუკეთესო შემადგენლობაა, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია"
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი რაფა ბენიტესი, პროგრამა "El Larguero"-ს სტუმრობდა, სადაც ბევრ საინტერესო თემას შეეხო...

კრიტიკა

"მითხრეს, რომ კრიტიკა იყო, მაგრამ არცთუ ისე ბევრი, მე კი ფეხბურთელების გაწვრთნაზე ვიყავი კონცენტრირებული. პრესას ფაქტიურად არ ვკითხულობ. ყველაზე მთავარი ისაა, რა გავაკეთეთ და რის შესახებ ვესაუბრები გუნდს. არ განვიცდი, როცა ჩემს შესახებ ვკითხულობ".

ნაკრების გაწვრთნის სურვილი

"შორეულ მომავალში მსურს".

"ატლეტიკოს" გაწვრთნის სურვილი

"ახლა "რეალში" ვარ. ამიტომ, ეს უცნაური შეკითხვაა...".

დანი კარვახალი

"ვფიქრობდით, რომ ტრავმა ისეთი სერიოზული არ ყოფილა, რადგან დანი ძლიერი ბიჭია".

რა ხდებოდა გუნდის ავტობუსში დერბის შემდეგ?

"სტადიონი იმ შეგრძნებით დავტოვეთ, რომ ორი ქულა დავკარგეთ, რადგან პირველ ტაიმში გამარჯვება ჩვენს ხელთ იყო, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მეტოქეს პენალტი ვაჩუქეთ. მეორე ტაიმში თამაშში სიღრმისეულობა გვაკლდა, ხოლო "ატლეტიკომ" ზეწოლა მაშინ დაიწყო, როცა კონტრშეტევებზე არაფერი გამოგვდიოდა. შედეგად, ბოლო წუთები რთული იყო".

სერხიო რამოსი

"კვირის განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ "ატლეტიკო" მეტოქეს შეცდომებისთვის სჯის. ფეხბურთელები განიცდიან არა იმას, თუ რას ეტყვის მწვრთნელი, არამედ გუნდის მდგომარეობას. ფეხბურთელები სულელები არ არიან. მათ იციან, როდის უშვებენ შეცდომებს".

ქარიმ ბენზემა

"ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მას მიზნად 20-25 გოლის გატანა დავუსახე და მისი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. მეც იმედგაცრუებული ვიქნებოდი მწვრთნელს რომ შევეცვალე, მაგრამ მის ადგილას მომდევნო მატჩში ორი გოლის გატანას შევეცდებოდი, რათა მწვრთნელს არ შევეცვალე. ჩვენს შორის არანაირი პრობლემა არ ყოფილა".

კრიშტიანუს ხელშეუხებლობა

"ეს კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელია. ერთმანეთს ყოველდღე ვესაუბრებით. როცა საჭიროება იქნება, ის დაისვენებს, რათა გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღოს. კრიშტიანუმ ამის შესახებ თავად მითხრა და ამ აზრს ორივენი ვეთანხმებით. ჩვენს შორის მცირე პრობლემაა, ვიდრე ჟურნალისტები წერენ. პრესაში ყველაფერს აზვიადებენ, რადგან ყველაფერი, რაც "რეალს" ეხება, უდიდესი მასშტაბისაა".

დიდიე დეშამის სიტყვები

"წავიკითხე, რომ ის ბენზემას არ შეცვლიდა...". (სიჩუმე)

გაღიზიანება

"ვღიზიანდები, როცა ვიხსენებ, რომ ორი ქულა დავკარგეთ. მატჩი გადმოვწერე, რათა განმეორებით მენახა და პენალტი მაღიზიანებს, რადგან ამის შესახებ სერხიოსთან და სხვა ფეხბურთელებთან ვისაუბრე. მან იცის, რომ იმ მომენტში ცუდად ითამაშა. ასეთ სიტუაციაში რისკი არ იყო საჭირო. "ატლეტიკო" კარგ პრესინგს ანხორციელებს და მეტოქის შეცდომების ხარჯზე არსებობს. ეს ვიცოდით, მაგრამ მაინც ბანალური შეცდომა დავუშვით".

"რეალი" დაცვაში ჩაიკეტა

""ატლეტიკომ" ზეწოლა დაიწყო და თავის დაცვა მოგვიწია. როცა ერთი გუნდი დაცვაში იკეტება, იმას ნიშნავს, რომ მეტოქე პრესინგს ანხორციელებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ კონტრშეტევების დროს არაზუსტი ხარ. თუ თავდამსხმელები ვერ უტევენ, მთელი გუნდი დაცვიდან ვერ ამოიწევს. მეორე ტაიმში სწორედ ეს მოგვივიდა".

"ფიქრობთ, რომ დაცვაში ჩადგომა გუნდს მე ვურჩიე? აქ "ნაპოლიდან" გადმოვბარდი, რომელმაც ბოლო სეზონში 104 გოლი გაიტანა. "რეალი" ზედმეტად იცავს თავს? გუნდი, რომელიც კარის მიმართულებით ურტყამს და ბურთს აკონტროლებს, დაცვითი არ არის. სხვა საქმეა, როცა "ატლეტიკო" დაცვაში თამაშს გაიძულებს. ისინი ჩვენს საჯარიმომდე მოდიოდნენ. თამაშში კოვაჩიჩი ჩავრთეთ, რათა ფლანგი გაგვეძლიერებინა, მაგრამ ისინი აპრესინგებდნენ და აპრესინგებდნენ".


ბეილის მდგომარეობა

"თავიდან ის მოედანზე გასასვლელად ნამდვილად არ იყო მზად. ფეხბურთელმა სამი კვირა გამოტოვა და მხოლოდ ნახევარი საათით შეეძლო თამაში. ბეილი თავის სამუშაოს გაუმკლავდა, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი გამორჩეული სისწრაფე აკლდა".

კრიშტიანუსთან ურთიერთობის დასაწყისი

"ჩემი ყველა ფეხბურთელის შექება მსურს. რონალდუ შესანიშნავი პროფესიონალი და ფეხბურთელია. ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. თუ გუნდი ხედავს, რომ კრიშტიანუ ხელშეუხებელია, მეც არ ვარ სულელი. რონალდუს ყოველდღე ვხედავ და ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა ყოველ ჯერზე უმჯობესდება. მე თუ მკითხავთ, ის მსოფლიოში საუკეთესოა".

შეცვლით თუ არა ბენზემას მომავალში?

"თუ საჭირო იქნება, დიახ, მას ისევ შევცვლი, მაგრამ ქარიმი შესანიშნავი ფეხბურთელია. ამიტომ, თუ ერთი გოლის ნაცვლად ორს გაიტანს, მოხარული ვიქნები".

ისინი, რომლებიც თვლიან, რომ "რეალი" ცუდად თამაშობს

"სიტუაცია, რომელსაც ხატავენ, რეალურად არ არსებობს. ჩვენ "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" კარის მიმართულებით დარტყმებსა და ბევრ სხვა ასპექტში ვჯობნით. სულ რაღაც სამი თვეა, რაც ერთად ვმუშაობთ და შესანიშნავ გუნდთან ერთად სწორი მიმართულებით მივდივართ. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

ფეხბურთი ესპანეთში

"ინგლისში ფიზიკური მომზადებაა მნიშვნელოვანი, იტალიაში ტაქტიკა, ესპანეთში კი ბავშვობიდან ტექნიკასა და ტაქტიკაზე შესანიშნავად მუშაობენ".

გუნდის შემადგენლობა

"ეს საუკეთესო შემადგენლობაა, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია".

ვარსკვლავებთან მუშაობის სირთულე

"არ არის რთული. პროფესიონალ ფეხბურთელთა ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი კონკურენციისადმი მისწრაფებაა. ეს გუნდი იმდენად კონკურენტუნარიანია, რომ ყოველი მატჩი ბრძოლაა".

კუნთის ტრავმები

"დანილოს კუნთის ტრავმა არ აქვს. მას ფასცია (შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტა, რომელიც ფარავს სხვადასხვა ორგანოს, უმთავრესად კუნთებს - ავტ.) აქვს დაზიანებული. ეს ჩვენი დანაშაული არ არის. აი, ბენზემას, ბეილსა და პეპეს ნამდვილად კუნთის ტრავმები ჰქონდათ. ფეხბურთელების ტრავმები სრულიად ნორმალური მოვლენაა".

მატეო კოვაჩიჩი

"მას საკმაოდ კარგად ვიცნობდი. გარდა ამისა, რამონ მარტინესსა და ხოსე ანხელ სანჩესს ვესაუბრე. კაზემირო დაბრუნდა, რადგან ჩავთვალეთ, რომ გუნდს ასეთი ტიპის ფეხბურთელი აკლდა. ის კარგი ფეხბურთელია, რომელიც ყურადღებით გისმენს, ხოლო, როცა ადამიანი გისმენს, ის სწავლობს. კოვაჩიჩს ვიცნობდი, რადგან მისი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდი. როცა გავიგე, რომ მისი გადმობირების საკითხს განიხილავდნენ, ვთქვი, რომ ეს ფეხბურთელი მომწონდა. მატეო ახალგაზრდაა, რომელსაც შესანიშნავი მომავალი აქვს".

იკერ კასილასი

"იკერთან თავისუფალი და მკაფიო ურთიერთობა მქონდა. მას პირადად არ ვიცნობდი. უბრალოდ, ერთხელ ზაფხულის არდადეგებზე შევხვდით ერთმანეთს. იკერის სიტუაცია სადავო საკითხი არ არის. მას ვესაუბრე და ჩემი აზრი გამოვთქვი, როგორც სერხიოს შემთხვევაში იყო. მას ვუთხარი: "მაცნობე, რასაც გადაწყვეტ". მე ჩემი წესები მაქვს. ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად ვსაუბრობ, რომლის შესახებაც პრესასთან არაფერს ვამბობ. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს".

კეილორ ნავასი

"გამიმართლა, რადგან უკვე ასაკში ვარ და ბევრ ადამიანს ვიცნობ. ჩემი ერთ-ერთი ასისტენტი ანტონიო გომესი ნავასს ჯერ კიდევ "ალბასეტედან" იცნობდა და მის შესახებ ძალიან კარგი შეხედულება ჰქონდა. გარდა ამისა, ჩვენ ინფორმაციები იმის შესახებაც მივიღეთ, თუ როგორ გადაბარგდა ის "ალბასეტედან" "ლევანტეში". ამიტომ, მშვიდად ვიყავი. რაც არ უნდა მომხდარიყო, შესანიშნავი გოლკიპერი გვყავდა. კეილორით კმაყოფილი ვარ".

ახალი ფეხბურთელების შეძენა

"იმდენად შესანიშნავი შემადგენლობა მყავს, რომ მეტს არაფერს ვითხოვ. მაქსიმუმს უნდა მივაღწიო იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან".

ჟოზე მოურინიო

"მასთან დიდი ხანია არ მისაუბრია და არც ვაპირებ".

ფლორენტინო პერესი

"ყველა პრეზიდენტს პასუხისმგებლობა აკისრია. ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ. ამის თაობაზე არ ვღელავ. მატჩამდე და მატჩის დღეს ფლორენტინოს არ ვესაუბრები და თუ ვმარცხდებით, ის ისევეა გაბრაზებული, როგორც მე. მას და ხოსე ანხელ სანჩესს მაშინ ვესაუბრები, როცა საჭიროდ ვთვლი. როცა ამ ასაკის ხარ და უამრავ პრეზიდენტთან გიმუშავია, ამ ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მე შევხვედრივარ კლუბის მფლობელებს, რომლებიც ფეხბურთს ისე უყურებდნენ, როგორც ბიზნესს, ხოლო ფლორენტინოს სურვილია "რეალმა" გაიმარჯვოს და კარგად ითამაშოს".

ხელშეუხებელი BBC

"არა, ეს ასე არ არის. ჩვენ სასტარტო შემადგენლობას მატჩის წინა დღეს ან მატჩის დღეს ვასახელებთ და გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბის წევრები ვიღებთ".

რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება

"არ ვღელავდი იმაზე, რომ ის შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებულიყო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველი პირისგან მივიღე და მას ვუთხარი, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ის, რაც მას შემდეგ ვიხილე, ჩემს სიტყვებს ადასტურებს".

პუბლიკა

"გულშემატკივრებს ვაფასებ, რადგან ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ტრიბუნებზე არიან. მათ სურთ, რომ გუნდმა კარგად იასპარეზოს, კონკურენტუნარიანი იყოს და მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდეს. მათი სურვილია გუნდი ყველაზე მეტ დარტყმას ანხორციელებდეს კარის მიმართულებით და ყველაზე მეტი გოლი გაჰქონდეს".

მწვრთნელი, როგორც მარტოხელა ფიგურა

"ასეთი სიტუაციები მსოფლიოს ყველა გუნდშია. შედეგად, მე უნდა მკითხონ, რატომ შევცვალე ბენზემა. პრობლემა იმაშია, რომ პრესამ ჩემი პასუხი უნდა მიიღოს და არა ის, რისი გაგება სურთ ჩემგან".

კრიშტიანუს საჯარიმო დარტყმები

"ვარჯიშის დროს ის საჯარიმო დარტყმებს შესანიშნავად ასრულებს. ამიტომ, მასში დარწმუნებული ვარ. ის საჯარიმოებს შესანიშნავად ურტყამს".

მობილური ტელეფონები

"მობილურებს არ ვკრძალავ, რადგან ამის კონტროლი არარეალურია. მაგალითად, "ინტერში" იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ტელეფონზე სულიერად საუბრობდნენ".

გონსალო იგუაინი

"ის შესანიშნავი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, მას ყველაფერი კარგად ექნება".

კარლო ანჩელოტი

"კარლო ჩემი მეგობარია. მოურინიოზე კი მირჩევნია არ ვისაუბრო".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.