ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1467
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 28-02-2017, 00:36
28-02-2017, 00:36

გუტის თაობა

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

გუტის თაობა
გუტი "ხუვენილ A"-ს თავკაცია, რომელსაც ბევრი "ლა ფაბრიკის" საუკეთესო გუნდად თვლის. ამ გუნდის ფეხბურთელთა ნახევარს საკმარისი ნიჭი აქვს იმისათვის, რომ სამომავლოდ "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი გუნდის მაისურით იასპარეზოს...

გასულ კვირას გუტის შეგირდებმა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. "ხუვენილ A"-მ მერვედფინალში "მონაკო" დრამატულ მატჩში (პირველი ტაიმი 2:0 დათმო) დაამარცხა (3:4). მადრიდელები მეოთხედფინალში ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდებიან. წლევანდელ სეზონში მათი ამოცანა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. გასულ წლებში "ხუვენილ A" ნახევარფინალური სტადიიდან ეთიშებოდა ტურნირს. დღესდღეობით "ლა ფაბრიკის" ყველაზე ნიჭიერ თაობას კი ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია.

ლუკა ზიდანი

მარსელი, საფრანგეთი. 1998. მეკარე

გუტის თაობა


ის მადრიდის "რეალის" აკადემიაში 2004 წლიდან იმყოფება. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა გუნდი "პრებენხამინი" (7 წლამდე) არსებობდა. მას შემდეგ ლუკამ ყველა ასაკობრივი კატეგორია გამოიარა. გაბედული და შესანიშნავი რეაქციის მქონე გოლკიპერი. ის პენალტების სპეციალისტია და მეტოქესთან პირისპირ თამაშისას საკმაოდ ძლიერია. მისი სიმაღლე 181 სანტიმეტრია, მაგრამ ეს მოედანზე საოცრებების მოხდენაში ხელს საერთოდ არ უშლის. ზიდანმა 18 წლის ასაკში "კასტილიაში" დამკვიდრებაც მოახერხა. 2017 წლის დასაწყისიდან ის მეორე გუნდის ძირითადი გოლკიპერია და "კასტილია" გოლის გაშვებისგან ბევრჯერ გადაურჩენია. ლუკა პირველი გუნდის მატჩებშიც იყო განაცხადში. მათ შორის 2016 წლის ევროპის სუპერთასზე. მას საფრანგეთის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული.



აშრაფ ჰაკიმი

ხეტაფე, ესპანეთი (ეროვნება - მაროკო). 1998. მარჯვენა მცველი

გუტის თაობა


კანტერის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც მომავალში დანი კარვახალის შემცვლელად მოიაზრებენ. ის "ლა ფაბრიკაში" 2008 წლიდან იმყოფება. ძალიან შემტევი ლატერალი, მცველი-გოლეადორი, რომელსაც მუდამ ბევრი გოლი გააქვს. ამაში მას ფლანგის ფორვარდის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება ეხმარება. ჰაკიმი ფიზიკურად იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია თავისი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე შეუსვენებლად ირბინოს. ის სწრაფი და ტექნიკურია, თამაშს კარგად კითხულობს. მას 17 წლის ასაკში მაროკოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. აშრაფმა ზაფხულში ახალი სეზონისთვის მზადება "რეალთან" ერთად გაიარა. 2017 წელს პირველი გუნდის ორ მატჩში განაცხადშიც იმყოფებოდა: თასზე "სელტასთან" და ლა ლიგაში "რეალ სოსიედადთან". მან ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩი ჩაატარა, აქტივში კი 1 გოლი და 1 ასისტი ჩაიწერა. წლევანდელ სეზონში "კასტილიას" ძირითადი შემადგენლობის წევრია.

აშრაფი დორტმუნდის "ბორუსიასთან" (2:5) მატჩში:



მანუ ერნანდო

პალენსია, ესპანეთი. 1998. ცენტრალური მცველი

გუტის თაობა


"რეალის" კანტერაში 12 წლის ასაკში მივიდა. ზედიზედ მეორე წელია "ხუვენილ A"-ში ასპარეზობს (ოსკარ როდრიგესის, ლუკა ზიდანისა და აშრაფის მსგავსად "ხუვენილ C"-დან "ხუვენილ A"-ში გადაბარგდა). შესანიშნავი ცენტრალური მცველი, მშვიდი და თავდაჯერებული. ერნანდო ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურია. მას თამაშის ორგანიზატორობა მოსწონს. აქვს მოედნის შესანიშნავი ხედვა, სწრაფია და მეორე სართულზე ჩინებულად თამაშობს. მან ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, გარდა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩისა, სადაც რეზერვისტები თამაშობდნენ. მანუმ ლისაბონის "სპორტინგთან" (1:3) გასვლით მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

ოსკარ როდრიგესი

ტალავერა, ესპანეთი. 1998. ფლეიმეიქერი

გუტის თაობა


ადამიანი, რომლის გამოც ფეხბურთის ყურების სურვილი გიჩნდება. ნამდვილი ჯადოქარი. ის "ლა ფაბრიკაში" 11 წლის ასაკში მივიდა. ყველა გუნდში თამაშის ორგანიზატორი იყო. ეს სხვებზე ბევრად უკეთ გამოსდის. თავადაც თამაშობს და გუნდსაც აძლევს თამაშის საშუალებას. როცა საჭიროა პაუზასაც აკეთებს, საჭიროების შემთხვევაში კი სიჩქარეებს რთავს. გადაცემებისა და ცრუმოძრაობების ნაკრები შეუზღუდავია. ბევრი გოლი გააქვს გამიზნული და ძალიან ძლიერი დარტყმის ხარჯზე. უკან დახევასაც არ თაკილობს, რათა ართმევაზე ითამაშოს და დაცვას დაეხმაროს. წლევანდელ სეზონში გუტის გადაწყვეტილებით თავისუფალი ფლეიმეიქერის პოზიციაზე გადაინაცვლა. აქამდე უკანდახეული ფლეიმეიქერის პოზიციაზე თამაშობდა, ხშირად საყრდენ ზონაში იწევდა. ალბათ, შეგვიძლია ოსკარს გუტის შემდეგ კანტერის ყველაზე ძლიერი ნახევარმცველი ვუწოდოთ. ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი. მან ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, "ბორუსიასთან" შეხვედრის გარდა. ამ ტურნირზე საჯარიმო დარტყმით მოახერხა გოლის გატანა, ხოლო ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში დიდი შედეგიანობით გამორჩევა.

ოსკარზე მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე

მინკ პეტერსი

ნაიმეგენი, ჰოლანდია. 1998. ფლანგის ნახევარმცველი/თავდამსხმელი, "ცრუ ცხრიანი"

გუტის თაობა


პეტერსი "ლა ფაბრიკაში" 3 წლის წინ ამსტერდამის "აიაქსიდან" გადაბარგდა და სამი წელიწადია "ხუვენილ A"-ში იმყოფება. მას მუდმივი კუნთის ტრავმები რეგულარულად ასპარეზობაში ხელს უშლიდა. ის ძალიან ტექნიკური მემარცხენეა, კარგი სისწრაფე და დრიბლინგი აქვს და მეტოქის კარზე დაგეშილია. მისთვის სეზონი მხოლოდ ნოემბერში დაიწყო, როცა ტრავმებისგან განიკურნა. ამიტომ, "მონაკოსთან" მატჩი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამოდგა. მინკი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 2 გოლი გაიტანა.

სერხიო დიასი

იტაუგუა, პარაგვაი. 1998. ფლეიმეიქერი, უკანდახეული ფორვარდი

გუტის თაობა


ის "ვალდებებასზე" გასულ ზაფხულს გადაბარგდა და მაშინვე "კასტილიაში" მოხვდა. დიასი ესპანეთთან და მის ფეხბურთთან კვლავ ადაპტაციას გადის, მაგრამ "კასტილიას" რიგებში 5-ჯერ, ხოლო ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 4-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. სერხიო ენცო ზიდანთან და კამპუსანოსთან ერთად მეორე გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე "ხუვენილ A"-ს მთავარ ბომბარდირობას არავის უთმობს. პარაგვაელი "კუნ აგუერო". ასე შეარქვეს მას. სწრაფი, ძლიერი, ტექნიკური და შეუპოვარი. ის გამოკვეთილ ცენტრფორვარდად თამაშისას თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. საკუთარი თავის და თანაგუნდელების მიმართ ძალიან მომთხოვნია. "მონაკოსთან" მატჩში პენალტი გამოიმუშავა და გოლადვე აქცია, რომელმაც მადრიდელები დააწინაურა.

ფედერიკო ვალვერდე

მონტევიდეო, ურუგვაი. 1998. უკანდახეული ფლეიმეიქერი

გუტის თაობა


"კასტილიას" კიდევ ერთი შესანიშნავი ტრანსფერი, რომელიც გასულ ზაფხულს განხორციელდა. ის გუნდს "პენიაროლიდან" შეუერთდა. შემტევი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც მეტოქის დაცვის ხაზს მარტივად არღვევს. შესანიშნავი დარტყმის მქონე ფეხბურთელი, შრომისმოყვარე, რომელიც ლიდერის თვისებებით გამოირჩევა. მისი თამაშის სტილი სტივენ ჯერარდისას მოგაგონებთ. ვალვერდემ "კასტილიას" მაისურით უკვე 3 გოლი გაიტანა. ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და "სპორტინგთან" შეხვედრაში აქტივში 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ვალვერდეს გოლი "რაიო მაჰადაონდასთან" მატჩში:



ფრანჩუ

მარ-დელ-პლატა, არგენტინა. 1998. მარცხენა თავდამსხმელი

გუტის თაობა


ის "ლა ფაბრიკაში" 2009 წლის მარტში ჩაირიცხა, მაგრამ 2011 წელს "რაიო ვალეკანოს" აკადემიაში გაეშურა. იქ 5 წელი გაატარა და გასულ ზაფხულს მადრიდს დაუბრუნდა. ტექნიკური, სწრაფი და შემოქმედებითია. ფრანჩუ კლასიკური ფლანგური თავდამსხმელია. გარდა ამისა, მას კარგი დარტყმა აქვს. ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე "ლეგიასთან" (3:2) და "სპორტინგთან" (1:3) 2 გოლი გაიტანა. "მონაკოსთან" შეხვედრაში პეტერსს პირველი გოლის დროს ასისტენტობა გაუწია, მოგვიანებით კი უხეში ვარდნისთვის წითელი ბარათი მიიღო.

ფრანჩუ "ლეგიასთან" მატჩში:



დანი გომესი

ალკორკონი, ესპანეთი. 1998. ცენტრფორვარდი

გუტის თაობა


უკვე ექვსი სეზონია მადრიდის "რეალის" აკადემიაშია, რომელსაც 13 წლის ასაკში შეუერთდა. მას ყველა ის თვისება გააჩნია საიმისოდ, რომ შესანიშნავი თავდამსხმელი გახდეს - ტექნიკა, სისწრაფე, დარტყმა, ალღო, ბრძოლის ჟინი. ზოგჯერ შესაძლოა ყველაზე მარტივ სიტუაციაში ვერ გაიტანოს, მაგრამ უიმედო სიტუაციაში იბრძოლებს და წარმატებას მიაღწევს. მას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი აქვს გატანილი. ერთ-ერთი "მონაკოს" ბოლო შეხვედრაში გაუტანა. ის პეტერსის მსგავსად თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და მატჩში გარდატეხა შეიტანა.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის

გუტის თაობა


ასევე, უნდა გამოვარჩიოთ კობო (მარცხენა მცველი), ალექს მარტინი (ცენტრალური მცველი), ხავი ერნანდესი (ცენტრალური/მარცხენა მცველი), გორკა საბარტე (მარჯვენა/მარცხენა მცველი), მარტინ კალდერონი (საყრდენი ნახევარმცველი), ტონი სეგურა (ფლეიმეიქერი) და სოტილიოსა (ცენტრალური/მარჯვენა მცველი). ისინი ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს მცირედით თუ ჩამოუვარდებიან.

თავისი ისტორიის შექმნა ბევრს არ შეუძლია. ფეხბურთის ისტორიაში ერთი თაობის ხუთმა კანტერანომ მოახერხა დიდი წარმატებების მიღწევა. მადრიდის "რეალის" ისტორიაში ასეთ თაობას "ბუტრეს ხუთეული" ერქვა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.