» » ზიდანი: "კრიზისში არ ვართ. პანიკა საჭირო არ არის"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 478
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 5-11-2017, 00:33
5-11-2017, 00:33

ზიდანი: "კრიზისში არ ვართ. პანიკა საჭირო არ არის"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა

ზიდანი: "კრიზისში არ ვართ. პანიკა საჭირო არ არის"
ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-11 ტურში "ლას-პალმასთან" გასამართი საშინაო მატჩისთვის პრესკონფერენცია გამართა...

"კარგად უნდა ვითამაშოთ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მაღალი ინტენსივობაა საჭირო. ამის გაკეთება პირველიდან ბოლო წუთამდე უნდა ვცადოთ. თუ ამას მივაღწევთ, სამ ქულასაც მოვიპოვებთ".

"არამგონია ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი პერიოდი იყოს. ჩვენმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ წამოდგომა და რთული პერიოდის გადალახვა შეუძლიათ. მათი სურვილია დაამტკიცონ, რომ გამარჯვებებს დავუბრუნდებით და სიტუაციას ჩვენს სასარგებლოდ შევცვლით. ამის გაკეთებას უკვე "ლას-პალმასთან" მატჩში ვეცდებით. მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში უფრო მეტი მონდომებით ვიმუშავებ, რადგან ამ გუნდზე პასუხისმგებელი ვარ".


გაუმჯობესებაზე მუშაობა

"ამ ორი მარცხით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რისი გაკეთებაც გვსურს. გვჯერა, რომ სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია. ვერ გავაკონტროლებთ იმას, რაც კლუბს გარეთ ხდება. ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ ყოველდღიურ მუშაობაზე ფოკუსირებულები ვიყოთ".

კრიტიკა

"ეს ის არის, რასაც ვერ გავექცევი. ადრე უკვე ვთქვი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ. მე ჯილდო მაქვს, რომელიც საუკეთესო სეზონისთვის გადმომცეს და მას ვიღებ. საუკეთესო არ ვარ, მაგრამ არც ყველაზე ცუდი ვარ. ცხოვრება იმისგან არ შედგება, რომ მწვერვალზე იყო ან უფსკრულში. შუა ნაწილში ვარ და ეიფორიაში არასდროს ვვარდები. მხოლოდ პოზიტივზე უნდა ვიფიქროთ. ისეთები ვართ, როგორებიც ადრე ვიყავით".

ორი მარცხი

"ასეთი რამ ფეხბურთში ხდება ხოლმე. რთული მომენტების გადალახვა გიწევს, როგორც ეს წინა სეზონში გავაკეთეთ, რომელშიც საბოლოო ჯამში უდიდეს წარმატებებს მივაღწიეთ. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ხვალინდელ მატჩზე სრული ფოკუსირება მოვახდინოთ".

გარეტ ბეილის და დანი კარვახალის მდგომარეობა

"გვიხარია, რომ ისინი დაბრუნდნენ. ჯერჯერობით მატეო კოვაჩიჩი გვაკლია. ის მზად ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი კვირიდან ვარჯიშს შეუდგება. დანის შემთხვევაში ყველაფერი კარგადაა. ის ჩვეულებრივ რეჟიმში ვარჯიშობს. გარეტმა გუნდთან ერთად მეორე ვარჯიში ჩაატარა და ყველაფერი ნორმალური ტემპით მიდის".

"ბეილი და კარვახალი განაცხადში არ იქნებიან. დიდხნიანი პაუზის შემდეგ სჯობს ისინი მარტო დავტოვოთ. გარეტი ნაკრებსაც არ შეუერთდება. ბეილმა და კარვახალმა მხოლოდ ორი ვარჯიში ჩაატარეს. ამიტომ, მადრიდში დარჩებიან და მუშაობას ჩვენთან ერთად გააგრძელებენ".


ასპარეზობის დონე

"საქმე იმაში არ არის, რომ ცუდად ვთამაშობთ. ზოგჯერ ვმარცხდებით, რადგან ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვსურდა. ზოგჯერ უკეთეს გუნდს უპირისპირდები, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ იყო. ჩვენი პრობლემა იმაში არ მდგომარეობს, რომ ცუდად ვასპარეზობთ. მუშაობას გავაგრძელებთ და სიტუაციის შესაცვლელად ძალებს არ დავიშურებთ".

სქემა

"შეგვიძლია სხვადასხვა სქემებით ვითამაშოთ. თუმცა, ეს არ ცვლის იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ საფეხბურთო მოედანზე. უკვე მოფიქრებული გვაქვს, თუ როგორ ვითამაშებთ ხვალ. ეს სქემაზე დამოკიდებული არ არის და ყველაფერს ასე მარტივად არ შევცვლი მხოლოდ იმის გამო, რომ ზედიზედ ორჯერ დავმარცხდით. "ლას-პალმასთან" აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და ვნახოთ, როგორ გავაკეთებთ ამას".

სანაკრებო შესვენება

"ამ დროისათვის არ ვიცი, რომელი ფეხბურთელები დარჩებიან მადრიდში. ვერ ვიტყვი, რომ სანაკრებო შესვენება "რეალისთვის" კარგია, რადგან ბევრი ფეხბურთელი ნაკრებში მიემგზავრება. შესანიშნავი სიახლეა, რომ კრიშტიანუ ნაკრებში არ გამოიძახეს. მან ბევრი შეხვედრა ჩაატარა და მნიშვნელოვანია, რომ აქ დარჩება და ჩვენთან ერთად ივარჯიშებს".

BBC

"ჩემი სურვილია თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი მზად იყოს, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის შერჩევა გამიჭირდება".

კრიზისი

"რთული სიტუაციიდან გამოსვლაში თავდაუზოგავი შრომა დაგვეხმარება. პოზიტიურები, ძლიერები და გუნდურები უნდა ვიყოთ. დიდი ხანი არ გასულა, რაც ტიტული მოვიგეთ და ძალიან კარგად ვთამაშობდით. ახლა უსიამოვნო მომენტია, მაგრამ კრიზისში არ ვართ. პანიკა საჭირო არ არის".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.